ვანო მაჭავარიანი: 2020 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიას პარლამენტს 1 ოქტომბრისთვის წარვუდგენთ

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“პრაქტიკულად ყოველდღიურად გვაქვს ინტენსიური შეხვედრები სამინისტროებთან, ასევე მათ დაქვემდებარებულ სხვადასხვა სტრუქტურებთან, დეტალურად გავდივართ მათ საჭიროებებს. ასევე იმ სტრატეგიას, რომელიც დასახული იყო და რომელიც ორ სიტყვაში, მოკლედ შეიძლება აღიწეროს როგორც მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება და განვითარება, რომელიც თვისობრივ განვითარებას შეიტანს ეკონომიკაში და ეკონომიკურ სისტემაში.

ამავდროულად, მიმდინარე ხარჯებში კონტროლი, ბიუროკრატიის შენახვაზე გაწეული ხარჯების მისაღებ დონეზე შენარჩუნება და რასაკვირველია, ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ ავცდებით, რაც სოციალურ დაუცველებს, პენსიონერებს და ასე შემდეგ შეეხება. ეს არის ამის ყველაფრის ბალანსი და შეჯერება, ეს არის, როგორც მოგეხსენებათ ბიუჯეტი და ეს არის მთავარი სტრატეგიული ხაზი. ამასთანავე ვუსმენთ თითოეულ უწყებას, თითოეულ რეგიონს, თითოეულ სამინისტროს, თუ რა საჭიროებები აქვთ და არის, იცით უამრავი საჭიროება და ყველას აქვს ძალიან დიდი მოთხოვნა, თუმცა შეჯერება ხდება და შეჯერების პროცესი დამთავრდება სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოს, კვირა დღეს ან ორშაბათს. იქითა კვირა კიდევ გვრჩება შიგნით, სამინისტროში რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ დეტალები და თვის ბოლოს, როგორც კანონი გვავალდებულებს, პირველი ოქტომბრისთვის ჩვენ შევალთ ბიუჯეტის პირველადი ვერსიით პარლამენტის წინაშე.

დეტალებს, ყველა პარამეტრს გაიგებთ მაგ დროს, იმიტომ რომ მართლა ფორმირების პროცესი მიდის. ამავდროულად, რა საკვირველია, სავალუტო ფონდთან გვაქვს კავშირი მჭიდროდ კავშირი და იმათთანაც შევაჯერებთ. იცით, რომ მიმდინარე პროგრამა გვაქვს და პროგრამა გვიწესებს ჩარჩოს და მადლობა ღმერთს, რომ გვიწესებს ჩარჩოს განვითარებისთვის და საბოლოო ჯამში, ალბათ ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი დღემდე, რომ ჩვენ წარვდგებით 2020-ის ბიუჯეტით”, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად