ვალერი გელაშვილი „ვერხოვნა რადას“ დეპუტატებს: მე ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს, „ვერხოვნა რადას“ დეპუტატებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთნ დაკავშირებით წერილით მიმართა.

დეპუტატი უკრაინელ კოლეგებს წერს, რომ ვიდრე 30 აპრილს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნასთნ დაკავშირებით კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ უნდა იცოდნენ ვის უყრიან კენჭს საკუთარი სამშობლოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე.

ვალერი გელაშვილი ადრესატებს ახსენებს, რომ სააკაშვილის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი და იგი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ორივე სისხლის სამართლის საქმეზეა დამნაშავედ ცნობილი., რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ თავად მას (ვალერი გელაშვილს) და მის ოჯახს ეხება.

„მე ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილმა სასიკვდილოდ გაიმეტა! 2005 წელს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი გახლდით, დეპუტატი, რომელისგანაც ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი ახირებების ასასრულებლად ჩემი საცხოვრებელი სახლის დათმობას მოითხოვდა. პრაქტიკულად, მართმევდა სახლს, რაზეც წინააღმდეგობა გავუწიე და პრესაში გავაკრიტიკე, სანაცვლოდ მან სასიკვდილოდ გამწირა! მომიგზავნა ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებად გადაქცეული უშიშროების დანაყოფის წევრები და ჩემზე პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, დღისით, მზისით, დედაქალაქის ცენტრში ძალადობრივი თავდასხმა მოაწყობინა, რომლის დროსაც უმძიმესი დაზიანებები მივიღე და სრულიად შემთხვევით გადავურჩი სიკვდილს“.

დეპუტატი წერილს თან ურთავს იმ დაზიანებების ამსახვე;ლ ფოტო და ვიდეომასალას, რომელმაც მსოფლიო პრესის ფურცლები მოიარა. ვალერი გელაშვილი წერს, რომ სააკაშვილმა ესეც არ აკმარა და სრულიად აბსურდული, გამოგონილი მიზეზით, საქართველოს პარლამენტის მისდამი მორჩილი უმრავლესობის ხელით პარლამენტარის მანდატი ჩამომართვა და პრაქტიკულად აუკრძალა მას პოლიტიკური საქმიანობა. ის ასევე ამბობს, რომ მისი ისტორია, სამწუხაროდ, არ არის საგამონაკლისი და ის იმ ათობით ათას ქართველს მიეკუთვნება, ვისაც ჯალათმა სააკაშვილმა და მისმა ცხრაწლიანმა სისხლიანმა მმართველობამ არნახული ტერორი გამოატარა. არაერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, გააუბედურა ათასობით ოჯახი, ბიზნესი და ქონება წაართვა პრაქტიკულად ყველას, ვინც მას არ შეეკრა. საქართველოს ციხეები გადაავსო ნაწამები პატიმრებით. წერილში ნათქვამია, რომ ამ საქმეების გარდა სააკაშვილი იმხილება უმძიმეს კორუფციულ დანაშაულებში, იგი ოფიციალურად არის ბრალდებული 8 მილიონზე მეტი საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში.

„უკანასკნელ წლებში ბევრი რამ შეიცვალა როგორც პირადად ჩემს, ისე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, თუმცა, მერწმუნეთ, არსებობს ჭრილობები, რომლებიც არასდროს ხორცდება, ჭრილობები, რომელიც სააკაშვილმა პირადად მე და ჩვენს ქვეყანას მიაყენა. დაბეჯითებით გთხოვთ, ნუ მიაყენებთ უკრაინელ ხალხს და სახელმწიფოს იმავე ჭრილობებს, ნუ აკადრებთ საკუთარ სამშობლოს ამ შეშლილ კრიმინალს მთავრობის ვიცე-პრემიერად“, -წერს ვალერი გელაშვილი და რწმენას გამოთქვამს, რომ სააკაშვილი ისეთივე არაპოპულარულია უკრაინელ ხალხში, როგორც საქართველოში.

ის უკრაინელ კოლეგებს უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს, – გაიხსენეთ ის არჩევნები, რომლის შედეგებითაც გახდით რადას წევრები, თქვენ ხომ რადაში აგირჩიათ და მანდატი მოგცათ იმ ხლხმა, რომლის წინაშე წარდგომა სააკაშვილმა, ნულოვანი რეიტინგის გამო, ვერც გაბედა და სწორადაც ვერ გაბედა, რადგან იმავე ხალხმა სააკაშვილის პარტიისთვის 0,4% პროცენტზე მეტი არ გაიმეტა? მაშ რატომ იმეტებთ ამ ხალხს სააკაშვილისთვის?

გულწრფელი პატივისცემით, ვალერი გელაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად