ვალერი გელაშვილი: “ჭიდაობის ფედერაციას, აქტივისტი ლუკა კურტანიძე ჰყავდა!”

პარლამენტის წევრი, უმრავლესობის წარმომადგენელი ვალერი გელაშვილი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობს.

გელაშვილის არჩევნებში მონაწილეობას, მის სასარგებლოდ ორი კანდიდატის,  რომან რურუასა და გურამ საღარაძის "ბრძოლის ველიდან" საკუთარი ნებით (როგორც თვითონ აცხადებენ) გასვლა მოყვა. თუმცა, კონკურენტებს ამის არ ჯერათ და  ხელისუფლების ცალკეულ შტოებს, ზეწოლასა და  გელაშვილის სასარგებლოდ კანდიდატურების ძალით მოხსნაში ადანაშაულებენ.

 ვალერი გელაშვილი სააგენტო "აიპრესთან" ჭიდაობის ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს“

 მე შევხვდი და ვესაუბრე ორივე კანდიდატს, რომან რურუასა და გურამ საღარაძეს, ვუთხარი, თუ რა იქნებოდა უკეთესი ფედერაციისთვის, მათ მომისმინეს, მოიწონეს ჩემი პროგრამა და მითხრეს, რომ გვერდში ამომიდგებოდნენ, მიხედავდნენ ჭიდაობას და ჩემს სასარგებლოდ მოხსნიდნენ კანდიდატურებს. ისინი ჩვენი ლეგენდები და ჩემი კუმირებიარიან და არ მეყოფოდა იმდენი თავხედობა, რომ მეთხოვა მათთვის კანდიდატურის მოხსნა, ამას ისინი თავადაც დაგიდასტურებენ”, _  განაცხადა გელაშვილმა.

 _ ბატონო ვალერი, წლების განმავლობაში ჭიდაობის ფედერაცია საკმაოდ პოლიტიზირებული იყო, არაერთი ფაქტი გვახსოვს, როდესაც სპორტსმენებს პოლიტიკური შეხედულებების გამო ბლოკავდნენ და ავიწროვებდნენ.როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

 _ მე მინდა რომ ყველას ველაპარაკო, ყველას აზრი მოვისმინო, არ მინდა დაპირისპირებით მივიდე ფედერაციაში. პოლიტიკური შეხედულებით, სპორტსმენების დაბლოკვა და დაპირისპირება მხოლოდ“ ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო გამოწვეული. ეს ფაქტი ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში არ მოხდება. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გამოვრიცხავ, პოლიტიკური შეხედულებებით სპორტსმენების დაბლოკვას, ფედერაცია იქნება აპილიტიკური, თუმცა ხელისუფლების დახმარების გარეშე სპორტს ვერ ავაღორძინებთ.

იმისთვის, რომ სპორტი განვითარდეს, საჭიროა გარკვეული თანხები. ფედერაციას მთავრობასთან უნდა ჰქონდეს კონტაქტი, რადგან რაც არის აღსადგენი, ხელისუფლების წარმომადგენლების დახმარებით უნდა გამოსწორდეს, ამიტომ არ გამოვრიცხავ მთავრობის წევრებთან შეთანხმებებს.”

 _ თქვენი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა რა არის ფედერაციაში და აპირებთ თუ არა ამ პრობლემების მოგვარებას თუ აგირჩიეს?

_ ეს არის ინფრასტრუქტურა, საჭიდაო დარბაზები არ არსებობს საერთოდ, თუ არის, ისიც გასაკეთებელია. რაიონებში დარბაზები საერთოდ არ არსებობს, არც გათბობაა. თუ მოჭიდავეს არ ექნება ის კომფორტი, რომ იჭიდავოს და ნორმა აჩვენოს, ვერაფერს იზამს.

_ თქვენ არ მიგიმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის? ორი წელი ხომ ვიცე-პრეზიდენტი იყავით?

 _ კი ვიყავი, მაგრამ ლუკა  კურტანიძე გვყავდა აქტივისტი პრეზიდენტი! არ იყო საჭირო 10 და 12 ვიცე პრეზიდენტის ყოლა. შესაძლებელია 2, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობის მხრიდან, რომლებსაც ფუნქცია ექნებათ, რომ რამე გააკეთონ. როცა 12 ვიცე პრეზიდენტი გყავს, ფუნქცია ყველას დაკარგული აქვს.

 _ როგორ ფიქრობთ, ფედერაციის ყველაზე დიდი პრობლემა რა არის, რაც სასწრაფოდ საჭიროებს მოგვარებას?

 _ ჭიდაობის ფედერაციაში, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობაა. მე შევეცდები, ყველა პრობლემა რაც არსებობს ჭიდაობის ფედერაციაში მალევე აღმოვფხვრა. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ  დღეს ჭიდაობას, ინფრასტრუქტურის ნაკლებობა აქვს. თუ რამე საჭიდაო დარბაზი არსებობს თბილისის მასშტაბით, ყველა გასაკეთებელია, პრაქტიკულად შეუძლებელია სპორტსმენისთვის ივარჯიშოს ზამთარში გათბობის გარეშე. რეგიონებში დარბაზები საერთოდ არ არსებობს. პირველ რიგში, ამ პრობლემების მოგვარებას შევეცდები, თუ ამირჩევენ.

 შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილის კონკურენტები, მანუჩარ კვირკველია და გოგი მაკასარაშვილი არიან.საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ხვალ, 26 დეკემბერს გაიმართება. ახალ პრეზიდენტს ხმის უფლების მქონე 110 დელეგატი აირჩევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად