ვაკის პარკში სუპერთასის ბილეთებისთვის რიგში ეწერებიან (ვიდეო)

ვაკის პარკში გულშემატკივრების ნაკადი არ წყდება. ისინი მოდიან, რათა ჩაეწერონ ე.წ. რიგების სიაში, რათა შეიძინონ უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთები.

ფეხბურთის გულშემატკივრების ინიციატივით, გაკეთდა სია, სადაც გულშემატკივრები რიგში ჩასადგომად ეწერებიან.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით, ბილეთების შეძენისას ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ბილეთები გაიყიდოს კვირა დღეს.

„მქონდა შეხვედრა გულშემატკივრებთან და მათ ავუხსენი, რომ სიების შექმნა არასწორია. დღეს საღამოს შსს-თან ერთად ჯებირების მოწყობას დავიწყებთ“, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

მისივე თქმით, უეფას სუპერთასზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ცოცხალ რიგში 09:00-დან 21:00 საათამდე გაიყიდება.

„ჯერ კიდევ 5 დღის წინ განვაცხადეთ, რომ იქნება ცოცხალი რიგი და არანაირ სიებზე ჩვენ ლაპარაკი არ გვქონია. ბილეთები გაიყიდება ცოცხალ რიგში 09:00-დან 21:00 საათამდე, თუ ამ დროისთვის დარჩენილი იქნება 2000 ბილეთი, მისი რეალიზაცია გაგრძელდება ხვალვე, 2000-ზე მეტი ბილეთი თუ დარჩება გასაყიდი, მაშინ დარჩენილი ნაწილი მომავალ კვირას გაიყიდება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

გარკვეული ჯგუფი გულშემატკივრებისათვის სიების გაკეთების ფორმა მისაღებია, მათი განცხადებით, იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რაიმე სახის არეულობა, სწორედ ამისთვის არის საჭირო მსგავსი სიების გაკეთება. მათივე განცხადებით, სიების გაკეთების ორგანიზატორი, თავად გულშემატკივრები არიან.

„ფედერაციამ ვერ უზრუნველყო, ამიტომ ჩვენ თვითონ ვეცდებით გავუწიოთ ამ ყველაფერს ორგანიზება და ცივილურ ფორმებში შევიძინოთ ბილეთები“ – განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა „აიპრესთან“ საუბრისას.

არიან ასევე გულშემატკივრები, რომლებისთვისაც მსგავსი ფორმა მიუღებელია და ბილეთების შეძენას სიაში ჩაწერის გარეშე აპირებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად