ვახტანგ ცხადაია: ზუგდიდში ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს

გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ ცხადაია, "ენგურ ქაღალდ კომბინატის" დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა. 

შეხვედრაზე ცხადაიამ განაცხადა, რომ "ქაღალდის კომბინატში" უამრავი ადამიანი იყო დასაქმებული, რომ დასახლებას განვითარებული ინფრასტრუქტურა ჰქონდა. იყო საუკეთესო სპორტკომპლექსი –  საჭიროა მისი აღდგენა-განახლება.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრაზე ასევე პარტიისა და კონკრეტულად თავისი პროგრამის შესახებ ისაუბრა.

საუბარი შეეხო საგადასახადო და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას. 

ვახტანგ ცხადაიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ეცდება ზუგდიდის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას და  ხელს შეუწყობს ახალი ინვესტორების მოძიებას, რათა ქალაქში ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდეს.

"ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, ეს არ არის საკმარისი. ზუგდიდი პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ვიცით ერთმანეთის სატკივარი. ზუგდიდმა რთული წლები გამოიარა. ამ ქალაქში შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, მინდა ამ ქალაქში გაღიმებული და ბედნიერი ადამიანები დადიოდნენ. ამისათვის მე ყველაფერს გავაკეთებ"- განაცხადა ცხადაიამ. 

შეხვედრაზე ითქვა, რომ პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის" გააუქმებს დღეს არსებულ სპორტის სამინისტროს და შექმნის ფონდს, რომელიც მხარს დაუჭერს ახალგაზრდების საინტერესო ინიციატივებს. ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტებში შიდა რეიტინგებით მაღალი აკადემიური მოსწრება ექნებათ, დაფინანსება გაეზრდებათ. 

მოსახლეობასთან ვახტან ცხადაიამ აღნიშნა, რომ პარტია "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის"  ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანს, რომელიც სოციალურ დახმარებას საჭიროებს, შემწეობა 4 წლის მანძილზე შეუნარჩუნდებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...