ვახტანგ მჭედლიშვილი: ვეწინააღმდეგები მურუსიძის მსოფლმხედველობას და არა მას პიროვნულად

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა, რომელიც იუსტიციის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის წარდგენილი, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი პროტესტი მიმართული იყო არა პიროვნულად ლევან მურუსიძის  წინააღმდეგ, არამედ მურუსიძის დამოკიდებულებისა და მსოფლმხედველობისადმი.

მჭედლიშვილმა იუსტიციის საბჭოზე დღეს დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით განაცხადა:

"სასამართლო სისტემა განიცდიდა მოსამართლეთა ნალკლებობას და ნამდვილად ჭირდებოდა ასეთი რაოდენობის მოსამართლეები. რაც შეეხება ჩემს პროტესტს ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით, ეს ეხებოდა არა მურუსიძის პიროვნებას, არამედ მის ხედვას და დამოკიდებულებას. დღეს სასამართლო ხელისუფლება დგას არა სასამართლო დამოუკიდებლობის წინაშე, არამედ საზოგადოების ნდობის აღდგენისა და დამტკიცების წინაშე, ამიტომ თითოეული ჩვენგანის მოქმედება უნდა იყოს განპირობებული იმით, რომ სასამართლოს ნდობა აღვადგინოთ," – განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

მისივე თქმით, ის რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა მისი კეთილი ნების გამოვლენა იყო.

"ბატონმა ლევანმა დღეს არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა და ეს სწორი იყო, ეს იყო მისი კეთილი ნების გამოვლენა. ერთი კვირის წინ ჩვენ შევთავაზეთ პროექტი, რომლის მომზადება იუსტიციის საბჭოს  ევალებოდა, შევთავაზეთ ნორმა იმის თაობაზე, რომ იუსტიციის საბჭოს წევრს თუ ის იქნებოდა დარეგისტრირებული კანდიდატად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს. 

ჩემი აქცენტი და დამოკიდებულება  მიმართულია იქეთკენ, რომ სასამართლო სისტემაში კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს პროცესები დამოკიდებული, არამედ ნორმების და საერთო წესების შექმნაზე", – განაცხადა მჭედლიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...