ვახტანგ მეგრელიშვილი: უნდობლობის ინიციატივის ბოლომდე მიყვანის შანსი არ არსებობს და მისი წამოწყება რას ემსახურება?

პარტია “გირჩის“ დეპუტატის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, თეორიული შანსი არ არსებობს, რომ ოპოზიციამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მიაღწიოს და ინიციატივა მხოლოდ პოლიტიკური პროცესია.

„როგორც იქნა, 7- თვიანი პოლიტიკური კრიზისი დავასრულეთ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართვით მოხდა. ამოცანა იყო, შემდგომ არჩევნებამდე მივსულიყავით ისე, რომ იგივე კითხვები და ეჭვები არ გვქონოდა, რაც 2020 წლის არჩევნების მიმართ გვქონდა და მომდევნო არჩევნებს არსებული პარლამენტისთვის ან ნდობა მიეცა, ხოლო თუ ლეგიტიმაციას არ მოგვცემდა, 2022 წლისათვის ახალი არჩევნები დანიშნულიყო. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა, რაც ახლა ოპოზიციას უნდა ჰქონდეს.

უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყებას შედეგი რომ ჰქონდეს, ჩვენ რომ ვიყოთ არა 50 დეპუტატი, არამედ უმრავლესობა, ეს მთავრობაც არ იქნებოდა, რაც ახლა არის. რა გამოდის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს უნდათ შეცვალონ მსოფლმხედველობა და პოლიტიკური პრეფერენციები? უნდობლობის ინიციატივის ბოლომდე მიყვანის შანსი არ არსებობს და მისი წამოწყება რას ემსახურება? თუ ამ კითხვაზე ჩემი კოლეგები მიპასუხებენ, პასუხი მეცოდინება. მანამდე არ მესმის, რა შინაარსი შეიძლება, ჰქონდეს მსგავს კამპანიას, თუ არა ის, რომ არ გაგაჩნია იდეა, რაზე შეიძლება მოაწყო წინასაარჩევნო კამპანია, გარდა ჩხუბის“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, 5 ივლისის მოვლენაზე რისი გაკეთებაც ოპოზიციას რეალურად შეუძლია, არის სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა.

შეგახსენებთ, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, პროცესის დაწყებას – 50.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების წინადადებით „ლელო“ გამოვიდა.

კომენტარები
იტვირთება...