„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ვახტანგ გომელაურს იმ ხმის შეცვლის თხოვნით მიმართა, რომლითაც აქციების მონაწილეებს მიმართავენ ხოლმე.

„მე ვზრუნავ, რა იქნება შემდეგ აქციებზე, ის კი არა, აქამდე რა იყო. სხვათა შორის, ჩემი აზრით, ბოლო აქციების დაშლა ყველაზე „ლაითი“ იყო. შემდეგი აქციების მეშინია. შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებლად მივიღოთ გავრილოვის ღამის მაგვარი, მაგრამ იმის გამო, რომ ეს მუხტი დაგროვილია, ბევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. ჩემი კოლეგის თხოვნაა, გადმომეცა: ის ქალი, უცნაური ხმით რომ ამბობს – „მოქალაქენო“, ან ნაზი, ან მრავალფეროვანი ხმით რომ შევცვალოთ, ერთი სალომე სამადაშვილის ჩანაწერიც იყოს, არ არის პრობლემა. რაღაც ასეთი გავაკეთოთ, ბატონო ვახტანგ, თუ შეიძლება“, – მიმართა მეგრელიშვილმა გომელაურს.