ვახტანგ მაისაია:NATO-ში აშშ-ის როლის შემცირებამ, შესაძლოა საქართველოს გაწევრიანება დააჩქაროს

გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ვახტანგ მაისაიას განცხადებით, სავარაუდოდ ნატოში ცვლილებები იქნება. მისივე თქმით, შესაძლოა ტრამპმა ხარჯები შეამციროს და ამან აშშ-ის როლის შემცირება გამოიწვიოს.

როგორც მაისაია „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, ალიანსში ამერიკის როლის შემცირებამ, შესაძლოა საქართველოზე დადებითი გავლენა იქონიოს, ვინაიდან არის შანსი ამან ევროპული ქვეყნების გააქტიურება გამოიწვიოს და გაფართოებაზე მსჯელობა სკეპტიკურად განწყობილმა ქვეყნებმაც კი დაიწყონ. 

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ ნატოს სისტემა მოძველებულია და აუცილებელია რეფორმებიო. აქედან გამომდინარე ტრამპი განახორციელებს რეფორმირებას. ტრამპი ასე ადვილად უკან არ დაიხევს. რა ცვლილებები განხორციელდება ეს ცალკე საუბრის თემაა. 

ტრამპი თვითონ ნეოლიბერალია, ქვეყანაში ნეოლიბერალის ტიპის რეფორმების ჩატარებას აპირებს, მაგრამ როგორც ჩანს საგარეო მიმართულებით აქცენტს ნეოკონსერვატიზმზე აკეთებს ე.წ. ქორების მიმართულებაზე. ვიცე-პრეზიდენტი და პენტაგონის ხელმძღვანელი და სახელმწიფო მდივანი განსაზღვრავენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებს. ვიცე-პრეზიდენტი კურირებს საგარეო პოლიტიკას, რომელსაც ეს ფუნქცია პრეზიდენტის სახელით აქვს დაკისრებული. მე ჩვენს მთავრობას ვურჩევდი, რომ ვიცე-პრეზიდენტთან კომუნიკაციით დაეწყოთ მუშაობა და არა უშუალოდ ტრამპთან. 

ამიტომ ნატოს მიმართულებით ცვლილებები იქნება. არ გამოვრიცხავ ტრამპმა სახელმწიფო ხარჯები შეამციროს. ნატოს ბიუჯეტის დაახლოებით 80% აშშ-ზე მოდის. შესაძლოა ეს პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამ ტვირთის საკუთარ თავზე აღება მოუწევთ ევროპელ მოკავშირეებს“, – აცხადებს მაისაია. 

გერმანული გამოცემა „შპიგელი“ იუწყება, რომ ნატოს სამიტი რომელიც გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, ზაფხულში ჩატარდება. მიზეზად კი ნატოში აშშ-ის როლის შესაძლო შემცირება სახელდება…

ეს იდეა „რესპუბლიკელებს“ ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდათ, როდესაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში უმცროსმა წამოაყენა იდეა, რომ ნატო გაეუქმებინა. აშშ-ის წარმომადგენელმა ნატოში ვიქტორია ნულანდმა დახურულ კონფერენციაზე (კონფერენციას მეც ვესწრებოდი) პირადად განაცხადა, რომ ვიფიქროთ ახალი ტიპის სამხედრო ალიანსების შექმნაზეო. ამან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ალიანსის წევრ სახელმწიფოებში. მაშინ ბუშმა ნატოს რეფორმა ვერ განახორციელა. დღეს ამერიკისთვის ევროპა პრიორიტეტული აღარ არის. პრიორიტეტულია წყნარი ოკეანეთი, ლათინური ამერიკა, ანუ ის რეგიონები რომელიც ამერიკის საგარეო პოლიტიკის არეალი ყოველთვის იყო. ტრამპი განახორცილებს იდეას, რომელიც ნატოში ამერიკის როლის შემცირებას გულისხმობს. 

როგორც ჩანს, ნატოშიც მსჯელობენ ამერიკის როლის შემცირებაზე. თუ ეს მოხდება, მაშინ ეს საქართველოს ნატოსთან კიდევ ხომ არ დააშორებს? იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავარი პარტნიორი სწორედ აშშ-ია… 

მარტო აშშ არაა ჩვენი მთავარი პარტნიორი. იქ არის ბრიტანეთი, ბალტიის სახელმწიფოები, არიან სხვა სახელმწიფოებიც. ეს ქვეყნები საქართველოს მიმართ სკეპტიკურად არ არიან განწყობილები. ნატო არის კოალიციური სისტემის მოდელი, სადაც  ჩვენი უსაფრთხოება აუცილებლად იქნება დაცული. ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა შევარდნაძის პერიოდიდან დაწყებული სააკაშვილის მმართველობით გაგრძელებული და დასრულებული დღეს არის კატასტროფა. ჩვენ ჩვენი თავდაცვის პოლიტიკის იმედად ვერ ვიქნებით, ამიტომ ჩვენი თვითგადარჩენის ერთადერთი შანსი სწორედ ნატოა. 

ანუ ამერიკის როლის შემცირება საქართველოს ნატოსთან დაშორებას არ ნიშნავს?

ჩვენი მიმართულება არ უნდა იყოს ნატოსთან დაშორება.

ჩვენი პრიორიტეტი გასაგებია, მაგრამ იმ რეალობიდან გამომდინარე გისვამთ კითხვას, რაც სავარაუდოდ შეიქმნება…

არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკის როლის შემცირების ფონზე შესაძლოა მოკავშირეებმა, მათ შორის სკეპტიკოსებმაც კიდევ უფრო,  გააქტიურონ თავისი საქმე. ადრე ისინი ამერიკის იმედად იყვნენ, მაგრამ თუ ამერიკა შეამცირებს თავის წვლილს, მაშინ ევროპელი მოკავშირეები გაქტიურდებიან, რამაც შესაძლოა დააჩქაროს ჩვენი გაწევრიანება ნატოში. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ გაგიგიათ. შესაძლოა ასე მოხდეს ამ შემთხვევაში. შესაძლოა ამან ჩვენი შანსები გაზარდოს და მაპ-ის მონიჭების საკითხი აღარ გადაიწიოს. 

მაგრამ რა პოლიტიკასაც თავდაცვის სამინისტრო ატარებს, მაპ-ს კი არა და რაც გვაქვს შეიძლება ის ინსტრუმენტებიც გამოგვაცალონ ხელიდან. 

აკრიტიკებთ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკას, მაგრამ ძალიან მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან გვსმენია, რომ საქართველო თავდაცვის მიმართულებით ვალდებულებებს მაღალ დონეზე ასრულებს…

ნუ გადავალთ რიტორიკაში. ჩვენ გვაღელვებს ჩვენი უსაფრთხოების გარემო. ამას გეუბნებით როგორც სამხედრო დოქტორი და ანალიტიკოსი. ახლა საუბარს ამერიკელებისა და ფრანგების დანახულიდან მსჯელობას ხომ არ დავიწყებ?! მე რაც მაწუხებს და ვხედავ რა დონეზეც არის ქვეყანა ეს არის რეალობა. ახლა პოლიტკორექტულობის დრო ნამდვილად არ არის. მე მინდა ქვეყნის გადარჩენა. ვისაც არ უნდა, მაშინ დაიჯეროს რომ ყველაფერი კარგადაა. „შიშველი მეფის“ სინდრომში ნუ ვამყოფებთ საკუთარ თავს. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა და ჩართულობა არ არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დამტკიცება. ერთ-ერთი ფაქტორია, მაგრამ არა უმთავრესი. ჩვენი შეიარაღებული ძალების ეფექტურობას ამით არ ვაფასებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად