ვახტანგ მაისაია: “ზუმბაძემ ენა გააჩეროს, თორემ თვითლუსტრაციას აკეთებს!”

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი მოადგილის ვალერი ზუმბაძის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ სწორედ ზუმბაძე და მინდია ჯანელიძე იყვნენ მისი საქმის გრიფის მოხსნის მოწინააღმდეგეები. 

საქმე მაისაიას ჯაშუშობის ეპიზოდს ეხება, რომელზედაც უკვე ყოფილმა მაღალჩინოსანმა(ვალერი ზუმბაძემ) ისაუბრა და იგი ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ზუმბაძე "აიპრესთან" ინტერვიუში ვახტანგ მაისაიას წარსულის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ პასუხს აგებს ყველა საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც მის მიერ ჩატარდა.

"პირადად მქონდა შეხება მასთან და ვმონაწილეობდი როგორც მისი, ასევე საქმეში გამავალი სხვა პირების დაკითხვაში. ვინაიდან დღეისთვის, ხსენებულ საქმეს ადევს გრიფი "საიდუმლო", დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ პასუხს ვაგებ ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაზე, რაც ჩემს მიერ ამ პიროვნების მიმართ გატარდა. საქმეზე არსებობს მტკიცებულებათა მყარი ერთობლიობა, მათ შორის ნივთიერი მტკიცებულებები – ჯაშუშური შეტყობინებების მთელი დასტა, დაშიფრული კავშირის საშუალებები, თანხის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ა.შ, რის საფუძველზეც სასამართლომ დამნაშავედ სცნო მაისაია და სასჯელი მიუსაჯა. (სხვათა შორის, განაჩენი დღესაც ძალაშია, ის არავის გაუუქმებია)",-განაცხადა ზუმბაძემ.

ვალერი ზუმბაძემ “აიპრესთან” ინტერვიუში თქვენს მიმართ რამდენიმე ბრალდება გააჟღერა, რას უპასუხებდით მის ბრალდებებს?

სააკაშვილის მიერ შეთითხნილ საქმეებში მადანაშაულებს. პირველი მე ვითხოვდი და ვითხოვ ამ გრიფის მოხსნას, სანამ ეს სუბიექტი დაიწყებდა რაღაცეების მოფქვას და ახლა ამოიღო ხმა. სწორედ ეს იყო ის ადამიანი, რომელიც აჩერებდა შეგნებულად და ის, ვინც მფარველობდა.. მე მაქვს კონკრეტული დოკუმენტები, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტი თავიდან იცილებდა, რომ მოეხსნა გრიფი საიდუმლო. მე მაქვს დოკუმენტები, მაშინდელი, როდესაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო მინდია ჯანელიძე და ეს სუბიექტი(რედ. ვალერი ზუმბაძე) იყო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის უფროსი. მინდია ჯანელიძე და ვალერი ზუმბაძე ეწინააღმდეგებოდნენ გრიფის მოხსნას.

მინდია ჯანელიძე პირადად ეწინააღმდეგებოდა გრიფის მოხსნას?

რა თქმა უნდა, ის იყო კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი.

ამ შემთხვევაში, საინტერესოა, თუ რატომ აცხადებს ზუმბაძე, რომ საქმეს გრიფი უნდა მოეხსნას?

ეს მან გააკეთა პიარის ვარიანტში, მაგას ხომ არ იტყვის გრიფს ვეწინააღმდეგებიო. რატომ არ მოიყვანა ფაქტები, ილაპარაკოს დეტალებზე, რატომ არ ლაპარაკობს? იცის რომ გრიფს არ მოხსნიან, ამაშია მთელი ტრაგედია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას როგორც ჩანს არ გააჩნია პოლიტიკური ნება, რომ არამარტო ჩემს საქმეზე, არამედ თუნდაც ენვერის საქმეზე, კიღურაძის, ფოტორეპორტიორების საქმეზე… იცის, რომ ეს არ გაკეთდება და ჰაერში ისვრის სიტყვებს!

გუშინ რაც ილაპარაკა, იმდენი ტყუილი და იმდენი სისულელე დააბრეხვა, რომ პირიქით მაგას ურჩევნია, ენა გააჩეროს ელემენტარულად, თორემ თვითლუსტრაციას აკეთებს, 3 ტყუილი უკვე მე დავიჭირე, რომელსაც სადაც საჭიროა, მე გამოვუფენ შესაბამისად!

რა მტკიცებულებები წარადგინა გამოძიებამ თქვენს საქმეზე?

ერთ-ერთ მტკიცებულებას გეტყვით – სწორედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მითითებით, საქართველოს საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ესებუამ, დაადო საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენს გრიფი საიდუმლო. თქვენ იცით, ზუმბაძემ რა დამიდო ნივთმტკიცებად? თურმე მე ვყოფილვარ საბჭოთა კავშირის "სუკ"-ის(სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) თანამშრომელი და წითელი ფერის წიგნაკი, სადაც ეწერა ჩემი სახელი-გვარი და წერია სამხედრო წოდება – გენერალ-პოლკოვნიკი, ეს იყო ჩემზე ნივთმტკიცება, ეს არის ჩემს განაჩენში.

ამას დაადასტურებს ჩემი მეუღლე, ჩხრეკის დროს ვინც ესწრებოდა მეზობლები და ნათია კორკოტაძე, რადგან სასამართლოზე გვაჩვენეს და ნათიამ წაიკითხა. ეს წარმიდგინეს მტკიცებულებად ნივთმტკიცების სახით, ფლეშკაზე კი იყო კომპიუტერიდან გადმოტანილი ყველა ფაილი, ეს როგორც დამხმარე საშუალება, კომპიუტერი შეიძლება დაგივირუსდეს… ამდენი წლის ნაწვალები ნაჯაფი სამუშაო, ამიტომ მქონდა ეს დუბლიკატი ფლეშკა. "კგბ" როდის გაუქმდა, ეს მაინც გაარკვიონ…

ზუმბაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულებები, ფარული კავშირების დამყარების, თანხების აღების შესახებ…

"კგბ"-ს გენერალ-პოლკოვნიკს დაშიფრული კავშირები რაღაში სჭირდებოდა… კარგით ახლა, ალოგიკურია ხო?!… ელემენტარულად, საბჭოთა კავშირის წიგნაკი დამიდეს, "კგბ სსსრ", რა რუსეთი…

სხვა რა მტკიცებულებებია საქმეში და კონკრეტულად რაში ადანაშაულებთ ზუმბაძეს დღეს?

ეს არის 3 კონკრეტული მტკიცებულება რომელიც ნივთმკტიცებად დამიდეს, კიდევ დამიდეს ჩემი ნაშრომები, წიგნები, რაც დევს საქმეში. კიდევ რაც დევს, იმას არ ვიტყვი, დეტალები არ შემიძლია გავამხილო. დაადეს გრიფი საიდუმლო საქართველოს სახელით გამოტანილ განაჩენზე, ამით დაარღვიეს კონსტიტუციის 85-ე მუხლი, რომ არ გახმაურებულიყო "მტკიცებულებათა ერთობლიობა", რომელიც ზუმბაძემ წარადგინა.

რაც შეეხება ზუმბაძეს… ხომ არ იტყვის, მე ვაწამებდიო, მე ასეთი პრეცედენტი არ მინახია. სხვათაშორის, ნიურნბერგის პროცესზე როცა გამოვიდა კალტენბრუნერი, რომელიც უშუალოდ იყო საკონცენტრაციო ბანაკების მმართველი, პირიქითო, ბანაკებში იდეალური სიტუაცია იყოო და თქვენ გინდათ, რომ ვალერი ზუმბაძემ… რომელიც ახლა… კალტენბრუნერი იყო ჯალათობის გენიოსი და ეს იყო შიკრიკი. არ მინდა რომ მივაყენო კარტენრბრუნერს შეურაცყოფა, მაგრამ მან არ თქვა და ეს იტყვის? იეჟოვიც ამბობდა არავინ მიწამებია, მომიკლია, თქვენ გინდათ რომ ახლა აღიაროს ყველაფერი?!

მინდია ჯანელიძის მინისტრობის პერიოდში თუ გაქვთ იმედი, რომ ამ საქმეს გრიფი საიდუმლო მოეხსნება?

არა, რა თქმა უნდა, უკვე სახელმწიფოებრივი მანქანა ამოქმედდა… ვინ გაუმყარა და ვინ გააგულესიანა, გასაგებია, ადვოკატი ვინ დაუქირავა, თვითონ დაიქირავა ადვოკატი? კარგით რა, საქართველოში ვცხოვრობთ და კარგად ვიცით რა რასთან არის დაკავშირებული… კაცი 3 დღე გაჩუმებული იყო იძურწებოდა, ბოლოს როდესაც გამოვიდა მინდია ჯანელიძის მოადგილე ღირსიაშვილი, გამოვიდა ღარიბაშვილი, მერე დაიწყო ყეფვა, ყურშა გამოუჩნდა, მერე აყეფდა.

ლაფანყურის სპეცოპერაციას რაც შეეხება, სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ზუმბაძემ გამოიყვანა ტერორისტები საქართველოდან და თურქეთში გააპარა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

ჯერჯერობით ამაზე დეტალებში, რაც მოვიძიეთ არ ვიტყვი, რაღაც მინიშნებები არის, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. ლაფანყურის სპეცოპერაციის კომისიის წევრი ვარ, რომელიც იძიებდა ამას, ვიყავი ამ კომისიის წევრი, ძირითადად ვმუშაობდი პოლიტიკური ისლამის სპეციალისტად, შესაბამისი კვალიფიკაციაც მაქვს და ისლამისტურ ორგანიზაციების მიმართულებაზე ვმუშაობდი.

თუ ფიგურირებს ზუმბაძის გვარი ან იკვეთება თუ არა მისი შესაძლო ბრალეულობა კომისიის საქმიანობის ფარგლებში?

ზუმბაძე ფიგურირებს, იმიტომ რომ მისი გვარი ფიგურირებს, იყო საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე ლადო ზაქაშვილი. ჩვენ დავდეთ 100-გვერდიანი დასკვნა. გარდა ამ დოკუმენტისა, გვაქვს სხვა დოკუმენტები, რომლის გამხელისგან თავი შევიკავეთ, გარკვეული მოსაზრებების გამო. საჭიროა, როცა მოხდება ჩემი საქმის დაწყება, ამასაც დავაფიქსირებ, არ მინდა ახალი დეტალების გამხელა…

ხელისუფლება თუ იყო ჩართული ამ ადამიანების გადაყვანაში?

ჩართულობას ჰქონდა ადგილი, რამდენად იყო ზუმბაძე ჩართული, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ჩართულობაზე ომბუდსმენმაც დააფიქსირა ეს პარლამენტში. სხვათაშორის ეს საკითხი, ეს პასაჟი, ჩემს საქმეშიც დევს… სხვა გარემოებაა… როცა გრიფით საიდუმლო მოიხსნება, მაშინ შემეძლება ამაზე ლაპარაკი, ჯერ არ მაქვს ამის უფლება…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად