ვახტანგ მაისაია: რუსეთი არა მარტო გვემუქრება, არამედ ჰიბრიდულ ომს აგრძელებს ჩვენს წინააღმდეგ

„ლუგარის ლაბორატორიის ფაქტი ერთგავრი სამზადისია, რომ რუსეთმა ის ქმედებები განახორციელოს, რაც მან აგვისტოს ომის დროს ჩაიდანა“, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია.

მისი შეფასებით, რუსეთი არა მარტო გვემუქრება, არამედ ჰიბრიდულ ომს აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ. მაისაია იმასაც ამბობს, რომ ექსტრავაგნტ პუტინის მარჯვენა ხელ ლავროვის განცხადებაზე რეაგირება წყლის ნაყვაა.

„რა თქმა უნდა ამ განცხადებაში საფრთხის შემცველი ელემენტები არის. იმიტომ, რომ რუსეთი ახლა განსაკუთრებით ცივი ომის რეალიებშია ჩართული. აქედან გამომდინარე პოსტასაბჭოთა სივრცის ნებისმიერი ქვეყნის გაწევრიანება ნატოში რუსეთისთვის იქნება მისი გეოსტრატეგიული ინტერესებისთვის დარტყმა. ამაზე მინიშნება მის სტრატეგიაშიც არის, რომ ნატო და ამერიკა რუსეთის სამხედრო მტრები არიან. ნატოს ინფრასტრუქტურას, რომელიც მის საზღვრებთან ახლოს არის განლაგებული, მტრად აღიქვამენ. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ მივისწრაფით ევროატლანტიკური მიმართულებით, რუსეთი არა მარტო მუქარას გვიგზავნის, არამედ აგრძელებს ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს. ეს არის კიბერთავდასხმები, ჩვენი მოქალაქეების გატაცება ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებიდან და მიმდებარე არეალებიდან. ასევე საინფორმაციო ომს აწარმოებს ჩვენს წინააღმდეგ.

ყბადაღებული ლუგარის ლაბორატორიის ფაქტი რომ მოვიყვანოთ. ეს იყო ერთგვარი სამზადისი იმისათვის, რომ რუსეთმა განახორციელოს ის ქმედებები, რაც მან ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოს ომის დროს. ამიტომ რუსეთის ასეთი ქმედებები ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს. იმიტომ, რომ ფრონტისპირა ზღვარზე ვართ. არსებობს 12 აგვისტოს პრეზიდენტ სააკაშვილისა და სარკოზის ხელმოწერილი დოკუმენტი, მაგრამ ეს არის დროებითი დაზავების ხელშეკრულება და მეტი არაფერი. რუსეთი აგრძელებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასა და ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების გაძლიერებას, აქედან გამომდინარე ნებისმიერ მომენტში ის მზად არის რომ გაიმეოროს 2008 წლის აგვისტოს ომის სცენარი“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე პროვოკაციულია.

„პროვოკაციულად მივიჩნევთ ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე. ასეთმა უპასუხისმგებლო გზავნილებმა 2008 წლის აგვისტოში თბილისი წააქეზა დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურა განეხორციელებინა“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად