ვახტანგ მაისაია: ყველაზე რეალური ვერსიაა, რომ ანკარის ტერაქტი “დაიშმა” განახორციელა

ყველაზე რეალურია ვერსია, რომ ანკარის ტერაქტი, სადაც რუსეთის ელჩი მოკლეს „დაიშმა“ (იგივე ISIS) განახორციელა, – ამის შესახებ „აიპრესს“საქართველოს გეოსტრატეგიული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვახტანგ მაისაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ანკარის ტერაქტი პირდაპირ კავშირშია ალეპოს მოვლენებთან. რაც შეეხება იმას, რომ თავდამსხმელის მიერ რუსეთის ელჩის მისამართით განხორციელებული სროლის შემდეგ გარკვეული პერიოდი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები უმოქმედოდ იყვნენ, ამას მაისაია დაბნეულობით ხსნის.

„მას სროლა მხოლოდ ელჩის მისამართით არ განუხორციელებია, მან რამდენიმე სროლა სხვა ადამიანების მიმართაც განახორციელა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ამ დროს ხალხი დაიბნა, დაიფანტნენ და მას დარჩა ის არეალი, სადაც განცხადება გააკეთა. ეს სწორედ მოულოდნელობის ეფექტზე იყო გათვლილი. ტერორისტებმა მოულოდნელობის ეფექტი გამოიყენეს, სამწუხაროდ ეს გაცილებით უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა ხოლმე ვიდრე მოსალოდნელი მასშტაბური ოპერაცია“, – აღნიშნა მან.

მაისაია აბსურდს უწოდებს ვერსიას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ეს რუსეთიდან ყოფილიყო დაგეგმილი.

„კი რუსეთი ახორციელებს გარკვეულ პროვოკაციულ ქმედებებს, მაგრამ ასეთ დონეზე ასეთ რამეს გამოვრიცხავ, ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან. იქნება ეს რუსეთი, ამერიკა თუ სხვა. ასევე აბსურდულია ის ვერსიაც, თითქოს ამით დასავლეთზე განხორციელდა დარტყმა. უფრო დამაჯერებელია, რომ ეს ალეპოს უკავშირდებოდეს. ალეპოს დაკავება მოხდა და შესაბამისად გამარჯვება ამ ეტაპზე.

შემიძლიათ კიდევ ერთ ვერსიაზეც გითხრათ, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე უფრო რეალისტურია. ამ ვერსიის თანახმად, ამ ტერაქტის უკან დგას „დაიში“. შესაძლოა, ამის მოტივი იყოს ზომიერ ოპოზიციაზე ერთგვარი შურისძიება. იმის გამო, რაც რუსეთმა სირიაში განახორციელა. ქმედებები „დაიშის“ ხელწერას მიანიშნებს. მით უმეტეს, მან აიღო პასუხისმგებლობა ბოლო პერიოდში ჩადენილი ტერაქტების უმეტესობაზე. ანაკარის ტერაქტი, სადაც რუსეთის ელჩი მოკლეს ერთადერთი არ ყოფილა. ის იყო იმ ტერაქტების ნაწილი, რომელიც განხორციელდა მას შემდეგ რაც დაეცა ალეპო და „დაიშმა“ მოახერხა სიტუაციის აღდგენა ერაყში“, – განუცხადა მაისაიამ „აიპრესს“.

მისივე განცხადებით, რუსეთის ელჩის მოკვლის ფაქტი ორი ქვეყნის ურთიერთობას შორის არაფერს არ შეცვლის.

„პუტინმა განაცხადა, რომ ეს იყო პროვოკაცია და ის გააგრძელებს თურქეთთან თანამშრომლობას. ამ თავდასხმის მიზანი იყო, რომ შეეჩერებინათ რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობა, რომელიც სტრატეგიულ თანამშრომლობას უახლოვდება. ამან არ იმუშავა, თუმცა შესაძლოა ამან ერთგვარი ბზარი შეიტანოს ორი ქვეყნის თანამშრომლობაში. ეს კარგად გამოჩნდება მოსკოვში გასამართ სამმხრივ შეხვედრაზე სადაც ერთმანეთს თურქეთის, ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან“, – აღნიშნა მაისაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად