ვახტანგ გომელაური: ბადრი ესებუა სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ

ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. როგორც შინაგან საქმეთა
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ძებნილი პირის – ბადრი ესებუას დაკავების მიზნით ყველაფერი კეთდება და მას პოლიცია აუცილებლად დააკავებს.

„მსოფლიო სტანდარტია ჩვეულებრივად, როცა ელოდები, თუ პირველ მძევალს გაანადგურებს, იწყებ ოპერაციას. არის, როდესაც პირდაპირ შტურმს ვიწყებთ,
შედიხარ, არის როდესაც ელოდები და აძლევ იმის საშუალებას რომ არანაირი რისკის ფაქტორი, ანუ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ
დავაყენოთ რისკის ქვეშ და შევუსრულოთ ის რასაც ითხოვს თავდამსხმელი. შემდეგ მოხდება მისი დაკავება, თუ განადგურება ეს სხვა თემაა.

რა თქმა უნდა, გვქონდა ჩვენ საუბარი, ირაკლი ჩიქოვანიც იქ იყო,პრემიერთანაც და ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა დაშავებულიყო, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს ადამიანი ისე გასულიყო, თუ დავაკავებთ, ძალიან კარგი, თუ არადა და სისხლი არ დაიღვაროს და ყველაფერი გაკეთდა ამისთვის.

რაც შეეხება დაკავებას, ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე. ოპერატიულ ინფორმაციაზე ღიად ვერ ვისაუბრებ. მოხდა მისი ძმის დაკავება, გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწვდიდა მას საკვებს. მერე აღმოჩნდა, რომ თან ჰქონდა ვაზნები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება. ეს ადამიანი იყო, რომელმაც 15 წუთით ადრე, სანამ მივაკითხეთ და დავადგინეთ, სადაც იყო, გაიყვანა თავისი მანქანა
ტყეში, გაიქცა და მიიმალა. მეორე დღე იყო ამ ოპერაციის.

მე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე შეკითხვები, იგივე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რას ვაკეთებთ. საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის ძებნილები, დღესაც, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ. გვყავს 16 წლის ძებნილი. გვყავს, რომელმაც 2006 წელს ჩაიდინა დანაშაული მკვლელობაზე და დღესაც არ არის დაკავებული. ისე, ნუ უკვირს ხოლმე ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში. ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავაკავოთ.

პირველ რიგში ჩვენთვის ღირსების საკითხია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავაკავოთ და მე ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს  12 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ზუგდიდში, ერთ-ერთ ბანკზე თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი 43 ადამიანი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხიდან ტყეში გაიქცა და ამ დრომდე თავისუფალია.

თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს ითხოვდა. 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა ბანკის შენობა დატოვა და ხელებზე თოკმობმული გამოიყვანა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, შემდეგ კი მძევლებს ჩაენაცვლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

2020 წლის 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა

2020 წლის 13 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას დაკავების დროს ავტომანქანაში აღმოჩნდა, 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი.  ზუგდიდის რაონულმა სასამართლომ ბიძინა ესებუას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ  ბადრი ესებუას ძმა ბრალს არ აღიარებს, აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს
 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად