ვახტანგ გომელაური 20 ივნისზე: მინდა მადლობა გადავუხადო იმ პოლიციელებს, ვინც დიდი უბედურებისაგან დაიცვა სახელმწიფო

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა 20 ივნისის მოვლენების შესახებ ისაუბრა. გომელაურის განცხადებით, ძალიან მძიმე ის რაც ამ დღეს მოხდა და პოლიციელებს ვინც სახელმწიფო დაიცვა, მადლობა გადაუხადა.

,,რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ჩამოდიოდა გავრილოვი თავისი დელეგაციით – ყველა პირი. ისიც ვიცოდით, რომ უნდა ჩატარებულიყო ასამბლეა, აქ უნდა მოსულიყვნენ, მაგრამ თავმჯდომარის სავარძელში რომ უნდა ჩაბრძანებულიყო და იქიდან წაეყვანა სხდომა, რა თქმა უნდა, არ ვიცოდით ჩვენ და მგონი არავინ არ იცოდა ეგ – უცებ მოხდა და სპონტანურად. მაგრამ მას შემდეგ რაც განვითარდა, ეს დაგეგმილი იყო თუ არა, პროვოკაცია და სახელმწიფო გადატრიალება – მას შემდეგ უკვე ყველაფერი გარეთ მოხდა, რასაც სამწუხაროდ, მოუწოდებდა ზოგიერთი ოპოზიციონერი – „შევარდით, აბა, წავედით“ – ჩანს კადრებში პირდაპირ, ტელევიზიები იღებდნენ ჩვეულებრივად. მე მგონი ზოგიერთებს აერიათ 2003 წელი და 2019 წელი. კიდევ ვამბობ, ძალიან დიდი მადლობა იმ ბიჭებს, რომლებიც იქ იდგნენ და თავისი ჯანმრთელობის ფასად ნამდვილად დაიცვეს ჩვენი სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, მე ასე ვფიქრობ, მე ჩემი აზრი მაქვს და ჩემს აზრს ვაფიქსირებ. მესმის, ძალიან მძიმეა იმ ადამიანების, თუნდაც იმ გოგონასი, ყველას შვილები გვყავს, დები გვყავს, ძმები გვყავს და ჩვენს თავზე წარმოვიდგინოთ – ძალიან მძიმეა და ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. ასევე გვყავს ჩვენ დები და ძმები პოლიციის თანამშრომლები, ძალოვანი უწყებების თანამშრომლები და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. არ შეიძლება ცალმხრივად საუბარი. ვიმეორებ, სამწუხაროა რაც მოხდა, თუმცა, მე მინდა პოლიციელებს მადლობა გადავუხადო, ვინც ნამდვილად დაიცვა ეს შენობა და ჩვენი სახელმწიფო, ამ რაღაც დიდი უბედურებისაგან,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...