ვახტანგ ძაბირაძე: ვვარაუდობ, არჩევნებზე 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი არ მივა, თუ ასე მოხდა “ოცნება” 43%-ზე მეტს აიღებს

მილიონნახევარი ადამიანი თუ მივიდა ამ არჩევნებზე, ჩათვალეთ, რომ ეს არის ძალიან კარგი შედეგი. ამიტომ, ხელისუფლება არჩევნებს არანაირად არ გადადებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “აიპრესს” განუცხადა.

მისი შეფასებით, რაც მეტი ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე, მით უკეთესია მმართველი პარტიისთვის, რადგან ეს ზრდის მის შანსებს, რომ 43%-ზე მეტი ხმა აიღოს.

პოლიტოლოგი იმასაც ამბობს, რომ მისი დაკვირვებით, ოპოზიციის ნაწილს, განსაკუთრებით მცირე პარტიებს ვადამდელი არჩევნები არ აწყობს.

„მილიონნახევარი ადამიანი თუ მივიდა ამ არჩევნებზე, ჩათვალეთ, რომ ეს არის ძალიან კარგი შედეგი. ამიტომ, ხელისუფლება არჩევნებს არანაირად არ გადადებს. სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ტენდენციას ვაკვირდები და ველოდები, რომ დღეში ინფიცირების მაჩვენებელი 2000 ადამიანამდე ჩამოვა სექტემბრის შუა რიცხვებიდან. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ვინც ახლა მოიხადა, მათ გარკვეული იმუნიტეტი უმუშავდება. ამას დაუმატეთ აცრა, რომელიც უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში შედის. შესაბამისად, ხელისუფლებას ბევრი არგუმენტი აქვს იმისათვის, რომ არ გადადოს არჩევნები.

კი ბატონო, ჩავკეტოთ ქვეყანა და ეკონომიკა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვეღარ შეამცირებს სიკვდილიანობას. საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ისე მიდის, რომ შეკრებებზე 10-15 ადამიანზე მეტი არაა. თუ ხელისუფლების შეკრებებს არ ჩავთვლით, სადაც მოსახლეობა კი არ ჰყავთ მიყვანილი, მაგრამ ძირითადად სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები არიან.

ამიტომ, მნიშვნელოვანია ის, თუ რა იქნება არჩევნების დღეს. თუ აქედან ამოვალთ, ჩემი პროგნოზი რაც არის, რომ მილიონნახევარზე მეტი არ მივა, გამოდის, რომ არც არჩევნების დღეს არ იქნება დიდი რისკი, თუ ყველაფერი წესების დაცვით წარიმართება“, – აცხადებს ძაბირაძე.

კითხვაზე, მისი პროგნოზი როგორია, 43%-ზე მეტს მოაგვროვებს მმართველი პარტია ამ ყველაფრის გათვალისწინებით? – პასუხობს:

„თუ ამომრჩეველი არ მოვიდა, მაშინ მოაგროვებს. რაც ნაკლები ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, მით მეტია შანსი, რომ 43%-ს მოაგროვებს. იმიტომ, რომ ძირითადად არ მივა ოპოზიციის ამომრჩეველი. ამიტომ, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს – იბრძვის ადგილებზე სერიოზული წარმატების მისაღწევად თუ იბრძვის იმისათვის, რომ 43% არ მიიღოს „ოცნებამ“. ორივე ამის რესურსი ოპოზიციას არ აქვს.

რასაც ვუყურებ, ზოგი ფორმალურად ასახელებს კანდიდატებს, ზოგი საერთოდ არაფერს აკეთებს. რბილად რომ ვთქვათ, ოპოზიციაში დაბნეულობაა. იმის ალბათობაც არის, რომ ოპოზიციის ნაწილს, განსაკუთრებით პატარა პარტიებს, საერთოდ ხელს არ აძლევს რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...