ვახტანგ ძაბირაძე: საკონსტიტუციო ცვლილებები ელჩების დამსახურებაა, ამაში “ოცნებას” და ოპოზიციას წვლილი არ მიუძღვით

„საკონსტიტუციო ცვლილებები ელჩების დამსახურებაა, ამაში “ოცნებას” და ოპოზიციას წვლილი არ მიუძღვით“, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც” ძველი სისტემა ერჩივნათ.

“თუ ვინმეს ამ პროცესში დამსახურება მიუძღვის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაში, ეს არის ის ელჩები, რომელთაც აიძულეს ცალკე „ნაციონალური მოძრაობა“ და ცალკე ოპოზიცია, რომ შეთანხმებისთვის მიეღწია. ამ პროცესში არც „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას დამსახურება და წვლილი ნამდვილად არ აქვს.

რაც შეეხება იმას, რომ რამდენად მისაღებია ეს ცვლილებები ერთი ან მეორე მხარისთვის, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერჩივნათ, რომ ძველი სისტემა ყოფილიყო ბარიერით და ა. შ. მაგრამ, იძულებულები გახდნენ ეს გაეკეთებინათ და ამ კომპრომისზე წასულიყვნენ, თორემ ქართული საზოგადოებისთვის, ერთს ან მეორეს ანგარიში არ გაუწევიათ”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

შეგახსენებთ, 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. “ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად