ვახტანგ ძაბირაძე: მარტო პარლამენტი კი არა, ქვეყანაც ერთპარტიული გვექნება, ოპოზიციას ისე მიჰყავს საქმე

ოპოზიციას იქითკენ მიჰყავს საქმე, რომ ერთპარტიული ქვეყანა გვექნება, მარტო პარლამენტი კი არა, რაც უბედურება იქნება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “აიპრესს” NDI-ს კვლევის შედეგებთან დაკავშრებით განუცხადა.

მისი თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგაც კი არ ყოფილა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” 5%-იანი რეიტინგი ჰქონოდა.

“საზოგადოებამ მშვენივრად იცის, რომ თუ ოპოზიცია დარჩება ქუჩაში, მისი ერთადერთი ბერკეტი იქნება აქციები. მოსახლეობა თვლის, რომ მძიმე ვითარებაა და ფიქრობს, რომ შესაძლოა აქციები გადაიზარდოს დესტაბილიზაციაში. სულ ეს არის. არ ვლაპარაკობ მხოლოდ დღევანდელ ოპოზიციაზე გუშინდელი იქნება თუ გუშინწინდელი 30 წელია ამას ვუყურებთ. როდესაც ქუჩაში რჩება ოპოზიცია, მიდის აქციებზე.

საზოგადოებაში არ არის აგრესია ხელისუფლების მიმართ – ის მუხტი, რომელიც საჭიროა აქციების გასამართად. ერთპარტიული გვექნებაო, კი ბატონო, მაგრამ ოპოზიციას იქითკენ მიჰყავს საქმე, რომ ერთპარტიული ქვეყანა გვექნება, მარტო პარლამენტი კი არა, რაც უბედურება იქნება.

ვგულისხმობ იმას, რომ ასეთი დაბალი მაჩვენებელი – 5% “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წლის არჩევნების შემდეგაც კი არ ჰქონია. ოპოზიციის ჯამური მაჩვენებელი არის 15%-მდე. თუ ასე გაგრძელდა, – განულდება. არ გახსოვთ, რა ვითარებაში იყო 2011წლის მაისის შემდეგ მაშინდელი ოპოზიცია? უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილმა მაშინ დაშლილი ოპოზიცია შეაგროვა, მაგრამ იქ კიდევ სხვა მუხტი იყო.

კი ბატონო, მაშინ იყო აგრესია ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ოპოზიციამ ვერ მართა პროცესი. მაშინ ოპოზიციას მოსახეობის გაცილებით მეტი მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე დღევანდელ ოპოზიციას აქვს, მაგრამ მაშინაც ვერ შეძლო ემართა პროცესი, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთო პოლიტიკაში”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, NDI-გამოკითხვის თანახმად, 31% ამბობს, რომ მის შეხედუელებთან ყველაზე ახლოს “ქართული ოცნება” დგას, 5%-თვის ასეთი “ნაციონალური მოძრაობაა”, ხოლო ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის მიმართ იგივე ინტერესს გამოკითხული მოქალაქეების 9% გამოხატავს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად