ვახტანგ ძაბირაძე: ხაზარაძის მიდგომა, რომ არჩევნები პოლიტიკოსების გარეშე მოიგოს, რომანტიულია

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ახლადჩართული ბიზნესმენის, მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიდგომა, რომ არჩევნებზე წარმატებას პოლიტიკოსების გარეშე, ნეიტრალური ადამიანებით მიაღწიოს რთული და ცოტა ნეიტრალურია.

როგორც ძაბირაძემ თემის კომენტირებისას „აიპრესს“ უთხრა, თუ პოლიტიკოსებს არ შემოიკრებს გარშემო მაშინ ისეთი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი მაინც დასჭირდება, ვინც პოლიტიკაში გაცნობიერებულები არიან, თუნდაც იდეების გენერირების თვალსაზრისით.

ძაბირაძემ ასევე გვითხრა, რომ ხაზარაძის მიდგომა, რომ არც “ოცნება” უნდა და არც “ნაცმოძრაობა” სწორია, მაგრამ განცხადება საკმარისი არაა.

„რამდენად შეძლებს ხაზარაძე ნეიტრალური ხალხით ხმების მოპოვებას და არჩევნების მოგებას, ცოტა რთული და რაღაცნაირად რომანტიულია, ვიდრე რეალური. კი, გასაგებია, რომ ძველი ფიგურები ხალხს მობეზრდა, მაგრამ მან უნდა შეარჩიოს ისეთი ადამიანები, ვისთანაც ითანამშრომლებს და ამის შესახებ უნდა განაცხადოს. თანაც ესენი უნდა იყვნენ ისეთი პოლიტიკოსები, რომელთა მიმართებითაც საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება არ არის. საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს აუცილებელი ამოცანაა. მხოლოდ ასეთი განცხადებებით, რასაც აკეთებს, ის ვერ შეძლებს სერიოზული წარმატების მიღწევას.

თუ გადახედავთ ჩვენს უახლოეს ისტორიას, დაინახავთ, რომ შეიძლება ვიღაცას ვიღაცა გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ როდესაც იწყებოდა გამარჯვებისთვის ბრძოლა, ამას ივიწყებდნენ და ეს რესურსი მაქსიმალურად გამოყენებული უნდა იყოს. ხაზარაძეს აქვს ცნობადობა, მაგრამ რამდენია დადებითი და რამდენი უარყოფითი ძნელი სათქმელია“, – ამბობს ძაბირაძე.

კითხვაზე, ის ფაქტორი არ არის გასათვალისწინებელი, რომ ხაზარაძის ოპონენტებმა უკვე დაიწყეს ბანკების თემებით მანიპულაციები და ეს ფაქტორი ხომ არ იქნება მისთვის ხელის შემშლელი? – პოლიტოლოგი პასუხობს:

„თუ “თიბისი ბანკი” გამონაკლისი იყო, ამაზე აქამდე უნდა ესაუბრათ, აქამდე უნდა დაეწყოთ ეროვნულ ბანკთან ბრძოლა. დღეს ეს განცხადებები იმუშავებს კი ხაზარაძის სასარგებლოდ?! სწორედ ეს მქონდა მხედველობაში როდესაც ვთქვი ძნელი სათქმელია მას დადებითი დამოკიდებულება უფრო მეტი აქვს საზოგადოებაში თუ უარყოფითი.

ივანიშვილი ლამის ლეგენდა იყო საზოგადოებაში და მასაც კი დასჭირდა გუნდის შეკრება იმისათვის, რომ არჩევნები მოეგო. ივანიშვილის იმ დროინდელ ფიგურასთან შედარებით ხაზარაძე არაფერი არ არის. ამავე დროს ახლა არ არის გამოთავისუფლებული არჩევანი, რაც იყო 2012 წელს. ანუ, სააკაშვილმა გაანადგურა მოქალაქეთა კავშირი და საპირწონედ დარჩა მარტო მისი პარტია, ხოლო ივანიშვილმა საპირწონედ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომაც ეს სირთულეებია.

ხაზარაძეს თუ პოლიტიკოსები არ ეყოლება, მაშინ მას ისეთი ჯგუფი მაინც დასჭირდება, რომელიც პოლიტიკაში გათვითცნობიერებულია და იდეების მიწოდება შეეძლებათ. შეიძლება ეს ჯგუფი სააშკარაოზე ჯერ არ გამოიყვანოს, მაგრამ მას ეს ჯგუფი სჭირდება. მოკლედ ბევრი პრობლემები აქვს. ვიმეორებ, მიდგომა სწორია, სწორედ ამ სეგმენტზე უნდა იმუშაოს და თუ ამ სეგმენტს მიიზიდავს, მას შეიძლება მოჰყვეს იმ 2 ფრთიდან – ქართული ოცნებიდან და ნაციონალური მოძრაობიდან ამომრჩევლის რაღაც ნაწილი“, – თქვა ვახტანგ ძაბირაძემ “აიპრესთან” საუბრისას.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად