ვახტანგ ძაბირაძე: ივანიშვილმა ერთადერთი სამოქალაქო დაპირისპირება აგვარიდა, სისტემაც კი არ შეუცვლია (ინტერვიუ)

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთადერთი რაც გააკეთა ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოაშორა პოლიტიკას და ქვეყანას პოტენციური სამოქალაქო დაპირისპირება აარიდა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის გარეშეც დაკარგავდა ძალაუფლებას, მაგრამ ეს შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე მომხდარიყო და ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ ამის თავიდან აცილება უზრუნველყო.

ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძემ „აიპრესთან“ ინტერვიუში ისაუბრა. აქვე მან ისიც თქვა, ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის სისტემაც კი არ შეუცვლია, უბრალოდ ნაკლებად აგრესიული გახადა, ხოლო როცა დასჭირდა, სისტემის აგრესიული ფორმაც ანახა საზოგადოებას. ასეთ მაგალითად ძაბირაძე 20 ივნისის მოვლენებს ასახელებს.

რეალურად წავიდა თუ კულისებში გადაინაცვლა, რამდენად დროული იყო მისი წასვლა და „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიან პერიოდზე საუბრისას გარკვეული გამაფრთხილებელი გზავნილი დღევანდელი ხელისუფლების მისამართითაც ხომ არ გაჟღერდა? – აღნიშნულ საკითხებზე ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:

_ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დატოვა „ქართული ოცნება“ და პოლიტიკა. თქვენი აზრით ამჯერად მაინც რეალურად დატოვა თუ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევ კულისებში გადაინაცვლებს?

_ იცით რა? ერთია რა უნდა ივანიშვილს და რეალურად რას აკეთებს და მეორეა ის თუ როგორი იქნება საზოგადოებრივ აღქმაში ივანიშვილის გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ხალხში, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩახედულია ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში, ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ჩათვლის, რომ ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო და აღარ ჩაერევა პოლიტიკაში. ამ მოსაზრებას თავისი საფუძველი აქვს, რადგან ერთხელ მან ეს უკვე გააკეთა. მაშინაც, როდესაც წავიდა, აღმოჩნდა, რომ თურმე კი არ წავიდა, არამედ ოფიციალურად წავიდა, მაგრამ ძირითადი საკითხები მაინც მასთან თანხმდებოდა. ანუ გადაინაცვლა ჩრდილში და კულისებიდან ხელმძღვანელობდა ამ პოლიტიკურ პროცესს.

დღეს რომ ვთქვათ, წავიდა და აღარ ჩაერევაო, ეს შეუძლებელია. გავიდეს გარკვეული დრო და შევხედოთ რა როგორ იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე მისი განცხადება არის განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ეს ისეთივე მანევრია, როგორიც იყო პირველ შემთხვევაში.

_  თუ ჩავთვლით, რომ ის წავიდა, რამდენად დროულია მისი წასვლა?

_ იცით რაშია საქმე? – არ არის დროული და თუ წასვლა უნდოდა, უნდა წასულიყო ცოტა მოგვიანებით. გულწრფელად რომ გითხრათ, პრემიერ-მინისტრობიდან როდესაც გადადგა, მაშინაც ვთვლიდი, რომ არ შეიძლებოდა მისი წასვლა. გარკვეულწილად დადასტურდა, რომ სწორადაც ვთვლიდი. შემდეგ იძულებული გახდა ის მობრუნებულიყო. არ მიმაჩნია, რომ ძალიან უნდოდა ასპარეზზე კვლავ გამოსვლა, მაგრამ იძულებული გახდა.

_ გვახსოვს, რომ მაშინ პირველი სერიოზული კრიზისი გაჩნდა „ქართულ ოცნებაში“ და ამის გამო დაბრუნდა.

_ დიახ. რამდენად საფუძვლიანი იყო ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ის იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო.  დღესაც ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევია. თუ მას ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიეღო, მას უნდა მიეღო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური გარემო იქნებოდა. ასეთი მეტ-ნაკლებად სტაბილური გარემო შესაძლებელია იყოს სადღაც ზაფხულის დასაწყისში. თუ ამ გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებდა და ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სტაბილური გარემო იქნებოდა, მაშინ შეიძლებოდა. დღეს როდესაც ყველა აღიარებს, რომ ძალიან მძიმე გაზაფხული გველოდება, ამას ამბობს ყველა, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ მხარეს არის. ოპოზიცია კი საუბრობს იმაზე, რომ შიმშილის გაზაფხული გვექნება  და ასეთ ვითარებაში წასვლა, ძალიან ჰგავს პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას.

_ რეალურად პასუხისმგებლობას გაექცა?

_ სხვაგვარად როგორ გინდა ახსნა, მაშინ როდესაც 100  ადამიანს, რომ ჰკითხოთ, 99 გეტყვით, რომ ძალიან მძიმე გაზაფხული იქნება. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ასეა. როდესაც ასეთი განწყობაა და მოლოდინები და ასეთ ვითარებაში პოლიტიკიდან გადის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური ფიგურა, სხვაგვარად როგორ გინდა, რომ შეაფასო ეს?!

_ მისი მთელი წერილი გაჯერებულია იმით, ყველაფერი კარგად არის და პირნათელი მიდის. მაინც ჰქონდა რამდენიმე პასაჟი. მან თქვა, რომ ხალხი უკვე გაიზარდა და 9 წელი კი არა, 9 კვირაც აღარ მოითმენსო. ამაზე ისაუბრა „ნაცმოძრაობის“ კონტექსტში, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების მისამართითაც ხომ არ იყო გზავნილი, რომ არც თქვენ არ გაპატიებენ რამე გადაცდომასო. ასეც ხომ არ უნდა გავიგოთ?

_ არა მგონია. მეეჭვება, რომ ამ ფორმით ელაპარაკებოდეს ივანიშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს რაღაც მინიშნებები, მაგრამ არა მგონია, რომ გუნდში მას ასეთი რევერანსები სჭირდებოდეს. მე არ ვიცი რეალურად შიგნით რა ხდება, მაგრამ მე მგონია, იქ სულ სხვაგვარი ლექსიკაა, გაციებით ღია და გაცილებით ხისტი.

არ ვთვლი, რომ ეს იმ კონტექსტში იყო ნათქვამი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბედს გაიზიარებთო. უბრალოდ, კიდევ ერთხელ შეაფასა „ნაციონალური მოძრაობა“. თუ რაიმე რეალურად მიღწევაზეა საუბარი, რასაც გვპირდებოდნენ. ეს იყო ის, რომ სააკაშვილი ნამდვილად ჩამოაშორა პოლიტიკას და ხელისუფლებას.  მე დარწმუნებული ვარ, რომ მაინც დაკარგავდა ძალაუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ეს შეიძლება მომხდარიყო სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე. ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ მინიმუმ ის გააკეთა, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირება თავიდან აგვაცილა. ეს ნამდვილად ასეა.

დანარჩენი, რა მიღწევებზეც ის საუბრობს, რბილად რომ ვთქვათ მიჭირს გახსენება. იმიტომ, რომ ფაქტობრივად არაფერი არ შეცვლილა. სისტემა დარჩა ისეთივე, როგორიც იყო სააკაშვილის დროს. განსხვავება ამ და წინა ხელისუფლების მოქმედებებს შორის არის ის, რომ ერთი სისტემას აგრესიულად იყენებდა, მეორემ კი აგრესია შეანელა. მაგრამ სისტემა უცვლელი დატოვა. გაიხსენებთ 20 ივნისის მოვლენები და დაინახავთ, რომ იმ სისტემამ იმუშავა ისე, როგორც მუშაობდა სააკაშვილის დროს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად