ვახტანგ ძაბირაძე: დღევანდელი მონაცემებით, საფრთხეა, 2020-ში ოცნებამ ხელისუფლება დაკარგოს-(ინტერვიუ)

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ამომრჩეველმა თავისი პროტესტი გამოხატა როგორც ხელისუფლების ისე მისი კანდიდატის მხრიდან. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ეგზიტპოლთან დაკავშირებით მორიგი გაუგებრობა მოხდა.

როგორც პოლიტოლოგმა „აიპრესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, თუ რაიმე დადებითი ჰქონდა ამ არჩევნებს იყო ის, რომ არ მოხდა მისი გაყალბება.

როგორ შეაფასებთ საპრეზიდენტო არჩევნებს, თქვენი შეფასებით, რა უთხრა ამომრჩეველმა მმართველ გუნდს და სალომე ზურაბიშვილს?

მოკლედ რომ ვთქვათ ამომრჩეველმა გამოხატა თავისი პროტესტი როგორც ხელისუფლების ისე მისი კანდიდატის მიმართ. ის, რომ მეორე ტური იქნებოდა, ეს ჩემთვის დიდად გასაკვირი არ იყო. ველოდი, რომ მეორე ტური იქნებოდა, მაგრამ თუ ასეთი მცირე სხვაობა იქნებოდა, ამას არ ველოდი. ველოდი, რომ 5-7%-იანი განსხვავება მაინც იქნებოდა სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის. როგორც ჩანს, მე უფრო ოპტიმისტი ვიყავი, ვიდრე ამომრჩეველი. იმდენად რთული ვითარება შეიქმნა, რომ ერთი პერიოდი ისიც კი დავაყენე კითხვის ნიშნის ქვეშ, გავდიდოდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი მეორე ტურში. შემდეგ ვითარება თითქოს დასტაბილურდა, მაგრამ დასტაბილურდა ისე, როგორც არის.

კიდევ ერთხელ ჩავარდა თავისი ეგზიტპოლით მმართველი გუნდი უხერხულ ვითარებაში. წინასწარ იზეიმეს დამაჯერებელი გამარჯვება, მიულოცეს კიდეც სალომე ზურაბიშვილს, მაგრამ შედეგები დადგა სხვა. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

აქაც გაუგებარი რამე ხდებოდა, როგორც ყოველთვის ხდება „ქართულ ოცნებაში“. ჯერ ერთი არ ვიცი, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ვინც მიიღო, როგორც ჩანს მას არჩევნებთან მწყრალი დამოკიდებულება აქვს. ვგულისხმობ იმას, რომ შედეგები არავითარ შემთხვევაში უნდა გამოეცხადებინა არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც „ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს. ყველაზე სწორი იქნებოდა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გაეკეთებინა. ეს თითქოს უმნიშვნელო მხარეა, მაგრამ მოქმედებს. მოქმედებს იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ იგივე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მეორე ტური იქნება. ეს იყო მეორე შეცდომა. საზოგადოება ამას სხვანაირად აღიქვამს.

ეგზიტპოლები ვინც ჩაატარა ეს შედეგი მიიღო იმიტომ, რომ ცუდად ჩაატარა, თუ იმიტომ რომ ის შედეგები დაწერა, რაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას უნდოდა. ამხელა აცდენა ნამდვილად არ შეიძლებოდა ყოფილიყო ეგიტპოლსა და რეალურ მონაცემებს შორის. ესეც პრობლემაა, შესაბამისად „ქართულ ოცნებას“ ირგვლივ პრობლემები აქვს. გამოსავალი უნდა ეძებოს, თუ უნდა, რომ პრობლემები ჯერ-ჯერობით მაინც შეინარჩუნოს.

წინა პერიოდში მუდმივად საუბრობდნენ არჩევნების გაყალბებაზე, ახლაც იყო ეს მოლოდინი. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ წინსვლა გვაქვს?

ამ ვითარებით წინსვლა ნამდვილად გვაქვს. დარღვევები არც ისე მასშტაბური და მასიურია და თანაც ეს ტრადიციულ დარღვევებად იქცა ქართული სინამდვილისათვის. ამ დარღვევებს როგორც წესი ხელისუფლებისთვის დიდი შედეგი არ მოაქვს. ანალოგიური და უფრო უარესი დარღვევები იყო 2012 წელსაც. ამ არჩევნებმაც აჩვენა, რომ ასეთი ტიპის დარღვევებს საქართველოში ჩატარებული არჩევნები მეტ-ნაკლებად იტანს და ქართველი ამომრჩევლის ნება მაინც ჩანს. თუ რაიმე დადებითი ჰქონდა ამ არჩევნებს იყო ის, რომ არ მოხდა მისი გაყალბება.

ამომრჩევლის დაბალ აქტივობაზე რას იტყვით?

მოსალოდნელი იყო და „ქართულმა ოცნებამაც“ იცოდა ეს. „ოცნება“ დღეს და გუშინ კი არა, ნელ-ნელა კარგავდა რეიტინგს. „ქართული ოცნებისგან“ წასული ამომრჩეველი, ანუ ისინი ვინც „ოცნებას“ უჭერდნენ მხარს და ახლა უკმაყოფილოა მისი მოქმედებებით, დარჩნენ სახლში და ისინი აღარ წავიდნენ არჩევნებზე. იმიტომ, რომ მას არც „ქართული ოცნებისთვის“ უნდოდათ ხმის მიცემა და არც „ნაცმოძრაობისთვის“. შესაბამისად აქტივობა დაბალი იყო. ამიტომაც ეხვეწებოდა ივანიშვილი „ოცნებაზე“ გულაცრუებულ ამომრჩეველს, რომ კიდევ ერთხელ გვენდეთ და მერე ყველაფრი კარგად იქნებაო.

როგორც ჩანს, არა მხოლოდ ჭარბის, არამედ ჩვეულებრივი ნდობის მანდატიც ამოწურა „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ მას სჭირდება ამომრჩევლის ნდობის მოპოვება თავიდან.

შეძლებს ამას?

ეს არც ისე მარტივი იქნება. თუმცა, არის 30 დღე. თუ „ოცნებაში“ არის რეალური ჯგუფი, რომელმაც არჩევნებიც იცის, საზოგადოების განწყობაც და რომელსაც შეუძლია ამ ყველაფრის ორგანიზება და მობილიზება, მაშინ არის შანსი, რომ ამომრჩეველი რაღაცნაირად მიიყვანოს არჩევნებზე და რაღაცნაირად თავისკენ გადახაროს. როგორც ჩანს, ეს მაინც თეორიული შანსია. ცოტა დროა და ვერც იმ ძალას ვხედავ, ვინც ამას მოახერხებს.

მხოლოდ ის განცხადებები, რომ ამომრჩეველი გაგვინაწყენდა და მოდით ერთხელ კიდევ დამიჭირეთ მხარი და მერე მე ვიცი თქვენი პატივისცემა, ასეთი განცხადებები არ შველის. უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე მე წარმომედგინა. მე წარმომედგინა, რომ „ოცნების“ საქმე ცუდად იქნებოდა, მაგრამ ამაზე მეტად ცუდადაა.  „ოცნება“ გაიმარჯვებს იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე თუ მინიმუმ 1.8-1.9 მილიონი ამომრჩევლის მიყვანას შეძლებს. თუ ამას ვერ შეძლებს, მაშინ უკვე კითხვის ნიშნები ჩნდება.

დღევანდელი მონაცემებიდან რა სურათი იკვეთება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? ხომ არ არის მმართველი გუნდი პოლიტიკური ძალაუფლების რისკის წინაშე?

დღევანდელი არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა ამის საფრთხეა, თანაც ძალიან დიდი. იქამდე 2 წელია. ის, რაც ივანიშვილმა დაანონსა, რას გააკეთებს ამ ერთ წელში, ეს მოსახლეობისთვის საინტერესო არაა, არც ის რა პიარ-ჯგუფი ჰყავს, არც ის პარტიაში რას გააკეთებს. ხალხისთვის საინტერესოა ხელისუფლება რას გააკეთებს. პარტიაში რაც უნდათ ის უკეთებიათ, რა ჩემი საქმეა.

მიუხედავად იმისა ვინ იქნება პრეზიდენტი უკვე რთული ვითარებაა და ეს ამ არჩევნებმაც გამოაჩინა. „ოცნებას“ სჭირდება არა მარტო შიდა რეორგანიზაცია, არამედ სახელისუფლებო რეორგანიზაცია სჭირდება. გარდა ამის სჭირდება ახალი იდეები და მიდგომები, ამის ადამიანური რესურსი აქვს ივანიშვილს?! ჰყავს ამის უნარი ივანიშვილის გუნდს?! მას ჰყავს პოლიტიკოსებისგან დაცლილი გუნდი! 5-6 კაცია „ოცნებიდან“ პარლამენტში, რომელსაც მეტ-ნაკლებად აქვს პოლიტიკური გამოცდილება. დანარჩენები შეიძლება თავის საქმეში შეიძლება ძალიან ბრწყინვალე არიან, მაგრამ პოლიტიკოსობას დამატებითი რაღაცების სჭირდება. რაც მტავარია სჭირდება ხალხი, ვინც პოლიტიკურ ბრძოლას არის მიჩვეული. კი ბატონო, ყველაფერზე თავს დაგიქნევენ, მაგრამ უკვე 2-3-ჯერ ვნახეთ ეს თავის დაქნევები რით დამთავრდა ქვეყანაში.

სხვა ოპოზიციაზე რას ფიქრობთ? თქვენი აზრით მათი წარუმატებლობა რითია განპირობებული, ან მომავალში რა რესურსი აქვთ, რომ უკეთესი შედეგი აჩვენონ? იგივე უსუფაშვილმა, ნათელაშვილმა, ან „გირჩმა“?

გააჩნია როგორ წავა ეს პროცესი. თავის დროზე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ძალიან სწრაფად იყო მიღებული ოპოზიციის გადაწყვეტილებები მიღებული. იგივე უსუფაშვილის, იგივე ალასანიას მიერ. ამან საფრთხის ქვეშ დააყენა ის, რომ გამოკვეთილიყო ერთიანი ცენტრისტული ჯგუფი. მაშინვე ვთქვი, რომ ეს არ წაადგებოდა ქვეყანას და არც მათ. რაღაც დრო უნდა გავიდეს. ემოციური გადაწყვეტილებების ადგილი პოლიტიკაში არ არის.

ემოციური კი არა და ხშირად დაფიქრებული, დამჯდარი გადაწყვეტილებებიც ხშირად ვერ ამართლებს. მე მგონია, რომ მაშინ ემოციური გადაწყვეტილებები იყო მიღებული. ახლა მივიღეთ ის სურათი, რომ 3%-მდე აქვთ უსუფაშვილს და ჯაფარიძეს. ცოტა უფრო მეტი აქვს შალვა ნათელაშვილს.

თუ საუბარია ახალ კონფიგურაციაზე, ნათელაშვილი ამ კონტექსტში ვერ ჩაჯდება. რადგან, ის დიდი ხანია პოლიტიკაშია. ამომრჩეველს და საზოგადოებას მის მიმართ ჩამოყალიბებული აქვს შეხედულება. ჰყავს თავისი მყარი ელექტორატი, რომელიც 5%-ის ფარგლებშია.

რაც შეეხება უსუფაშვილს და ჯაფარიძეს, აქ ცოტა სხვა ვითარებაა. მათთვის პირველი არჩევნებია დამოუკიდებლად. მათი პროცენტები იყო ძალიან დაბალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ რესურსი. ის ამომრჩეველი, რომელიც ამ არჩევნებიდან წავიდა და ამ არჩევნებზე არ მოვიდა, ეძებს ახალ ძალას. ეს შეიძლება ხვალ და ზეგ არ გაკეთდეს. ამას სჭირდება მეთოდოლოგიური მუშაობა. შეძლებენ ამას? მაშინ შეიძლება გაჩნდეს მესამე ცენტრი. თუ ვერ შეძლებენ, მაშინ მივიღებთ ორ დაპირისპირებულ მხარეს, ისე როგორც აქამდე იყო.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად