ვახტანგ ძაბირაძე: არჩევნები საგანგებოს გამოცხადების გარეშე ვერ გადაიდება, რაც სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს

არჩევნები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ვერ გადაიდება, რაც სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “აიპრესს” განუცხადა.

მისივე თქმით, კითხვა ისმის, როდესაც უკვე დამძიმებულია ვითარება, რამდენად შეამცირებს სრული ჩაკეტვა გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირებას.

“მოდით, ეს საკითხი რამდენიმე პუნქტად გავყოთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს არის ერთი თემა. აქ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ მძიმე და რთულია. თუ საუბარია არჩევნების გადადებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, რასაც თავისი წესები აქვს – უნდა დაიკეტოს ყველაფერი. ეს პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკას და მოსახლეობის განწყობას. ეს გამოიწვევს საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას.

ყველაზე ღირებული რა თქმა უნდა ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლებაა. თუ ამას დავაყენებთ წინა პლანზე, მაშინ შესაძლოა ვიფიქროთ „ლოქდაუნზე“ და მასთან ძალიან მიახლოებულ ვითარებაზე, რაც ფაქტობრივად დღეს უკვე არის. რაღა დარჩა? – სარესტორნო ბიზნესი შეიზღუდა, ტურიზმი ისედაც კოჭლობით მუშაობდა. დაემატება კომენდანტის საათი და რეგიონული მიმოსვლის ჩაკეტვა.

მესმის, რომ სურათი ძალიან მძიმეა, ვგულისხმობ გარდაცვლილთა ყოველდღიურ მაჩვენებელს, მაგრამ რამდენად შეამცირებს ეს სიკვდილიანობას?! როდესაც ქვეყანაში ეპიდემია და მით უმეტეს პანდემია გადასცდება რაღაც ზღვარს, მერე მისი რეგულირება ძალიან რთულია“, – განაცხადა ვახტანგ ძაბიტაძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...