ვახტანგ ძაბირაძე: ალასანიას წასვლა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ცუდია

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არის ცუდი.

როგორც პოლიტოლოგმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, „თავისუფალი დემოკრატები“ ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო. მისივე შეფასებით, ალასანიამ გადაწყვეტილება ცოტა იჩქარა.

„ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება ძალიან სამწუხარო ფაქტია. ირაკლი ალასანია და „თავისუფალი დემოკრატები“ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი იყო. თავისი გონებით, მსოფლმხედველობით, პოლიტიკური შეხედულებებით, ინტელექტით… ქართულ პოლიტიკაში ინტელექტუალური რესურსისა და ადამიანური ურთიერთობების ნაკლებობაა.

ისეთი პოლიტიკური ლიდერის წასვლა როგორიც ირაკლი ალასანიაა, ეს პირველ რიგში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არის ცუდი“, – აღნიშნავს ძაბირაძე.

მისი თქმით, მან არ იცის რა მოტივები უძღოდა წინ მის გადაწყვეტილებას.

„გორთან დაკავშირებით მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ნათელია, მაგრამ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ არ არის პროცესი დასრულებული. რა თქმა უნდა პროცენტები არ მოემატება და ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ ზოგადად პროცესი უნდა დასრულდეს. სჯობდა დალოდებოდა და მერე მიეღო გადაწყვეტილება.

მან ხაზი გაუსვა, რომ იმუშავებს ქვეყნის წინსვლაზე, სადაც არ უნდა იყოს. მგონი ცოტა იჩქარა. შესაძლოა მას შემოთავაზება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და შესაძლოა დროის ფაქტორი მუშაობს. არა საქართველოს, არამედ დასავლეთის მხრიდან. შესაბამისად მე ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებებს, რომ ის ბრძოლის ველიდან გაიქცა“, – აღნიშნა ძაბირაძემ „აიპრესთან“.

შეგახსენებთ, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დროებით ტოვებს პოლიტიკას. მან გორის მაჟორიტარული ოლქის მეორე ტურში მონაწილეობაზეც უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად