ვახტანგ ჩიდრაშვილი: ბიუჯეტში 1 100 ლარის არ ქონის გამო 2008 წელს მსოფლიოზე ვერ ვიჭიდავე

სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი ჯერ მხოლოდ 28 წლის არის, თუმცა საქართველო და მსოფლიო თავისი შესაძლებლობებით უკვე არაერთგზის გააოცა. სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატი 6-ჯერ, ხოლო ევროპის ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო, ასევე ევროპის თამაშების გამარჯვებულია.

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს ჩიდრაშვილის ინტერვიუდან, რომლის სრულ ვერსიას “აიპრესი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ:

“თავდაპირველად, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მამაჩემმა მიმიყვანა დაახლოებით 7 წლის ასაკში. მოვხვდით ჭიდაობის დარბაზში, საიდანაც აღარ გამოგვიშვეს, იქ დამხვდა გივი ფოთოლაშვილი, რომელიც არის ჩემი პირადი მწვრთნელი, ასე შემოვრჩი.

შეიძლება ვთქვათ, რომ თავიდან დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი სპორტის ამ სახეობით, თუმცა შემდეგ უკვე გადაიზარდა სიყვარულში. ხშირად ტარდებოდა შეჯიბრებები ახალგაზრდებში, ჭაბუკებში, მეც მინდოდა ამ დონეზე მისვლა. ჭაბუკებში ვიჭიდავე ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ 2008 წელს მსოფლიო ვეღარ ვიჭიდავე. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი არის აპრილში, ხოლო ახალგაზრდა ჭაბუკების და მსოფლიო ჩემპიონატი კი ოქტომბერში. შუა პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ რთული იყო, აგვისტოში მოხდა ომი და თანხები აღარ იყო, რომ მეც წავსულიყავი ტაშკენტში მსოფლიო ჩემპიონატზე. საბოლოოდ, გუნდი კი წავიდა,მაგრამ ჩემი წასვლა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, სულ რაღაც 1100 ლარი სჭირდებოდა ამას, მაგრამ ბიუჯეტი იმ დროს არ იძლეოდა საშუალებას.

ამის შემდეგ უკვე ორწლიანი წყვეტა იყო ჩემს სპორტულ კარიერაში, არასწორი დაცემის გამო, თავზე საკმაოდ მძიმე ტრავმა მქონდა და ოპერაცია გავიკეთე. როდესაც დავბრუნდი 2011 წელს ვიჭიდავე ახალგაზრდებში, ევროპაც ვიჭიდავე, მსოფლიოც – მეორე ადგილები ავიღე, მერე უკვე დაიწყო “დიდი სპორტი”.

“დიდი სპორტი” უფრო მეტი პერსპექტივაა, უფრო მეტად გამოგაჩენს, ახალგაზრდებში შეიძლება გაიმარჯვო,მაგრამ ეს იმდენად არ გამოჩნდება. როდესაც გახდები ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი,ნიშნავს რომ ოქროს ასოებით შედის ადამიანი ისტორიაში და სანამ მზე იკაშკაშებს და ქვეყანა იარსებობს,მანამდე იარსებებს შენი სახელიც”, – განაცხადა ვახტანგ ჩიდრაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად