ვახტანგ აბაშიძე: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი არ იყიდება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავჯდომარე ვახტანგ აბაშიძე განმარტავს, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამ ეტაპზე არანაირი საფუძველზე არ არის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი, რომელიც საქართველოს ევროპასთან ბულგარეთის გავლით აკავშირებს ვერ გაიყიდება. ამის შესაძლებლობა არ არსებობს, რამდენადაც ნებისმიერ შემთხვევაში ამ მაგისტრალის გაყიდვის შემთხვევაში მისმა მეპატრონეებმა უნდა მიიღონ თანხმობა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისგან, რაც არც მომხდარა და ვერც მოხდება,“, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში.

აბაშიძე განმარტავს, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელის გაყიდვაზე თანხმობა ვერ იქნება მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არხი არ არის ერთადერთი არხი ინტერნეტის მომარაგების თვალსაზრისით. „ამ კაბელს აქვს თავისი დანიშნულება, დატვირთვა, ის მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების უშიშროების ქვეყნის სატელეკომუნიკაციო კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება. კაბელი არ იყიდება, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში და არც დამდგარდა“, – განმარტავს კომისიის თავმჯდომარე.

იგი ამბობს, რომ ამ დროისთვის კომისიაში მიმდინარეობს საჯარო განხილვა რომელიც შეეხება კავკასუს ონლაინის და „მობიტელის“ ერთობლივ განაცხადზე საცალო სეგმენტის შეძენასთან დაკავშირებით. „დოკუმენტები წარმოდგენილია და ამ დოკუმენტების ფარგლებში, შესაძლოა, მიღებული იყოს პირობიანი გადაწყვეტილება, რომ არ მოხდეს არა მხოლოდ შავი ზღვის კაბელის, არამედ საქართველოში გამავალი მაგისტრალური კაბელების გასხვისება“, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში გუშინ განაცხადა, რომ სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, რომლითაც იღებს საქართველო და მთელი რეგიონი ინტერნეტ მომსახურებას და მიბმულია ევროპასთან, მის გასხვისებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია "ვიმპელკომი" შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს მარეგულირებელმა კომისიამ. დღევანდელ მსოფლიოში იმდენად დიდია რისკი კიბერთავდასხმების, რომ ეს საკმაოდ საგანგაშო ინფორმაციაა,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად