ვახტანგ ძაბირაძე: “ოცნება” 50%-ს ვერ აიღებს, მაგრამ ალბათ 25 მაჟორიტარსაც გაიყვანს და 76 მანდატს მოაგროვებს

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ არჩევნებზე “ქართული ოცნება” 50%-ს ვერ აიღებს, მაგრამ მისი ვარაუდით ოპოზიციას მხოლოდ 5 ოლქში აქვს გამარჯვების შანსი. 25 მანდატის დამატებით კი უმრავლესობას მოიპოვებს.

როგორც ძაბირაძემ “აიპრესს” უთხრა, თუ 76 მანდატს ვერ მოაგროვებს, მაშინ კოალიციას შეკრავს. პოლიტოლოგმა ისიც თქვა, რომ კოალიცია ქვეყნისთვის უკეთესია.

„რთული სათქმელია, თუმცა ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ ის, რომ „ოცნება“ პოლიტიკურ ძალებს შორის დაიკავებს პირველ ადგილს. ამაში ეჭვი არ მეპარება. ამას ადასტურებს ყველა გამოკითხვა, რომელმა პოლიტიკურმა ძალამ ან მედიასაშუალებამაც არ უნდა ჩაატაროს. განსხვავებაა პროცენტებში. პროსახელისუფლებო მედია იძახის 60%-ს, ოპოზიციის მონაცემებში კი დაახლოებით 30-35% აქვს „ოცნებას“ და მეორე ადგილზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ 10%-ით მაინც ჩამორჩება. მე ვლაპარაკობ ტენდენციაზე, რაც იკვეთება. ის, რომ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა რომ არ იცის, ვის მისცემს ხმას, ეს არაფერს არ ნიშნავს. დღესაც რომ ჩაატარონ გამოკითხვა, დღესაც არ იცის ბევრმა ვის მისცემს ხმას და ბევრი გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთან მიიღებს ან ბრმად მისცემს ხმას.

50%-ს „ოცნება“ პროპორციულ ნაწილში ვერ აიღებს. ვერანაირი წესით არ უნდა აიღოს, მაგრამ 40%ს თუ აიღებს და მეტს და ამას დავამატებთ მაჟორიტარებს, მაშინ მას ექნება 76 მანდატი. მაჟორიტარებში ოპოზიციამ შესაძლოა 5 ოლქში მოიგოს, დანარჩენ ოლქებში ჩემი შეფასებით წააგებს“, – ამბობს ძაბირაძე.

კითხვაზე, მთლიანობაში „ოცნება“ უმრავლესობას მოიპოვებს? – პასუხობს, რომ დიდი ალბათობით კი.

„ჯამურად უმრავლესობას მოიპოვებს. თუ ვერ მოაგროვებს 76 მანდატს, არც კოალიციის შეკვრა გაუჭირდება.

კარგი იქნება თუ კოალიციამდე მივალთ. ქვეყნისთვის კოალიცია უკეთესია, სხვისთვის რა მოგახსენოთ. არ ველოდები, რომ კოალიცია ვარსკვლავებს მოწყვეტს, მაგრამ მაინც კოალიციაა“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად