ვახო სანაია სამხედრო პოლიციის უფროსს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს

ვახო სანაია თავისი ძმის გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის გამომძიებელს, სერგო ძაგნიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ სამხედრო პოლიციის უფროსად დაინიშნა, მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

როგორც სანაიამ "იმედის" ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, სწორედ სერგო ძაგნიძე აყალბებდა მტკიცებულებებს და დღეს ამბობს, რომ ეს საქმე კარგად გამოიძია.

"ეს არის საქმე რომელიც თავიდან ბოლომდე გაყალბებულია. ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში დღეს მუშაობს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად. ადამიანმა რამდენიმე თვის წინ მისცა ინტერვიუ პრესას, სადაც გულისტკივილს კი არ გამოხატავს ამ საქმეზე, პირიქით ამბობს, რომ ისე გამოიძია საქმე, რომ მსოფლიო კრიმინალისტიკისთვის გამორჩეული საქმე იყო.

სერგო ძაგნიძე ჩემთან კი არ დაჯდება, ის დაჯდება გამომძიებლებთან, მოსამართლესთან, და იტყვის როგორ გახსნა ეს საქმე.

დღეს მარათონი გაიმართა, იქ აღმოვჩნდი, შემიძლია გითხრათ ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ, რომ სერგო ძაგნიძე იქ იმყოფებოდა. როდესაც დამინახა, გაერიდა ტერიტორიას და შემდეგ დაცვასთან ერთად გამოჩნდა.

შევახსენებ ყველას, რომ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა. შევარდნაძის პერიოდში შეუძლებელი იყო ამ საქმის გახსნა, შემდეგაც… როცა შეიცვალა ხელისუფლება, შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება და გვითხრეს, საფუძველი არ არსებობს, რომ საქმე აღვძრათო. ძაგნიძე ამბობდა, რომ შემთხვევის ადგილზე ყველა მოკვლევა იყო ჩატარებული. მთელმა საქართველომ ნახა კადრი, რომ ვისაც უნდოდა შედიოდა იქ და გამოდიოდა, იქ სუნის ექსპერტიზის აღებაც შეუძლებელი იყო! მთელმა საქართველომ ნახა რომ ირღვეოდა გამოძიების წესები.

ამნისტიის კანონის შემდეგ, რომელიც არც ისე კარგად გააზრებული იყო, მკვლელობის საქმეზე გასამართლებული გრიგოლ ხურცილავა გამოვიდა ციხიდან. მეორეს მხრივ პროკურატურამ უარი თქვა გამოძიების დაწყებაზე, ახლა კი ეს ადამიანი დანიშნეს სამხედრო პოლიციის უფროსად. კითხვა მაქვს თავდაცვის მინისტრთან, რომელიც ამდენი წელი ადამიანის უფლებებს იცავდა, თუ რა წესით შეირჩა ეს ადამიანი, ისიც მიიჩნევს, რომ ეს საქმე კარგად გამოიძიეს?",-განაცხადა ვახო სანაიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო მბრალდებელი კახა მაჭავარიანი იყო, რომელიც დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად