უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პარლამენტში ხვალიდან დაიწყება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საქართველოს პარლამენტში ხვალიდან დაიწყება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ცხრა კანდიდატს უნდა მოუსმინონ.

კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი მოსმენა 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე კანდიდატს დეპუტატები 16:00 საათზე მოუსმენენ.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მართლმსაჯულების სისტემის სრულ რეფორმირებამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა იქნება.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებით შარლ მიშელის დოკუმენტი არ ირღვევა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას თუ რაიმე არგუმენტი აქვს კანდიდატებთან დაკავშირებით, ეს საკომიტეტო მოსმენებზე უნდა დააფიქსირონ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.

პროცესს მონიტორინგს გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები.

კომენტარები
იტვირთება...