უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა.

სამთო სწავლება თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა და სკოლის პირადმა შემადგენლობამ შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებთან ერთად გაიარეს.

სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი სამი კვირის განმავლობაში საჩხერესა და ჭიათურაში მდებარე სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. კურსს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. თავდაცვის ძალებისა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ სამთო მომზადების განმავლობაში სამთო აღჭურვილობის შერჩევა, მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები შეისწავლეს, ასევე გაიარეს სამხედრო- ალპინისტური და სამთო-ტექნიკური მომზადება, გადაადგილება მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზება.

სწავლების მონაწილეებს სამთო-ტექნიკური მომზადების წარმატებით დასრულება სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ზურაბ ჭაბაშვილმა მიულოცეს. კურსდამთავრებულებმა შესაბამისი სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და სამთო მომზადების ზაფხულის შუალედურ კურსში მონაწილეობისთვის რეკომენდაცია მიიღეს.

თავდაცვისა და შსს-ს სამინისტროები უწყებათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ სამთო კურსებს 2018 წლიდან რეგულარულად ატარებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად