უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები მცირდება, ლარში იზრდება

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 315.0 მლნ ლარით გაიზარდა და 14.99 მლრდ ლარს გაუტოლდა.

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 38.0 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 14.4 პროცენტი იყო. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, საკრედიტო პორტფელის ზრდა მეტწილად გამოწვეულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით. თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ვალუტით სესხების ზრდა. აგვისტოს ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 80.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა. რომლის 68.9 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 44.2 პროცენტს შეადგენდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 83.1 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა და 5.39 მლრდ ლარს გაუტოლდა. ზრდის დიდი წილი გრძელვადიან სესხებზე მოდის. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა აგვისტოში 18.3 მლნ აშშ დოლარით (0.4 პროცენტით) შემცირდა და პერიოდის ბოლოს 4.22 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 63.2 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.8 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას ეკავა. ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად იურიდიული პირების გრძელვადიანი დაკრედიტების კლებით იყო გამოწვეული.

აგვისტოს თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 8.4 მლნ ლარით გაიზარდა და 352.2 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.3 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 38.7 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.8 პროცენტს გაუტოლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად