უსუფაშვილი: სერგეი ლავროვი თავის მონათხრობს ჰყვება და ჩვენ გალახული ბავშვების როლში ვართ

“ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყვება თავის მონათხრობს და ჩვენ ვართ რაღაც გალახული ბავშვების როლში,”,-ამის შესახებ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“რუსეთთან ერთი ერთზე ურთიერთობის წინააღმდეგი იმიტომ ვიყავი და ვარ, რომ ასეთი გაუგებრობები ავიცილოთ თავიდან. რუსეთი, რომელიც არის მოძალადე სახელმწიფო და ოკუპანტი ქვეყანა, ჩვენთან ერთი ერთზე შეხვედრისას იღებს დამატებით ბერკეტებს არა მხოლოდ იმ შეხვედრაზე, არამედ შეხვედრის შემდეგაც. ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყვება თავის მონათხრობს და ჩვენ ვართ რაღაც გალახული ბავშვების როლში, იმიტომ, რომ ერთი ერთზე მათთან დარჩენა არ შეიძლება. იმიტომ კი არა, რომ ზალკალიანს არ ვენდობი, იმიტომ, რომ ლავროვს არ ვენდობი და ვიცი ასეთი შეხვედრების შედეგად, რა ხიფათია მოსალოდნელი.

მე არ ვარ შეხვედრების წინააღმდეგი. ეს შეხვედრები უნდა იყოს მომზადებული უკეთ და ჩატარებული უკეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს დაზღვევა. იმიტომ, რომ სხვანაირად რუსეთთან ურთიერთობა ყოველთვის წამგებიანი იქნება. ახლა ლავროვმა წარმოაჩინა ვითარება ასე, რომ ჩვენ ვიყავით მთხოვნელის როლში. შეხვედრა ვითხოვეთ და ვუთხარით, რომ თუ ხვალ კარგად მოვიქცევით, იქნებ ფრენები აღადგინოთ. აი, ეს გაავრცელა ლავროვმა. ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არა, ასე არ ყოფილაო – ეს ითქვა და ეს დარჩება ამ შეხვედრის შედეგად“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ლავროვთან შეხვედრა იქნებოდა პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად