უსუფაშვილი: პარლამენტმა უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები უნდა გააუქმოს კონსტიტუციური რეფორმით

“მათ ნაცვლად უნდა შექმნას მრავალმხრივი ნდობის მქონე 12-15 მოსამართლისგან შემდგარი ერთი სასამართლო”,-ამის შესახებ, “შენების მოძრაობის” ლიდერი, დავით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მომავალმა პარლამენტმა კონსტიტუციური რეფორმის გზით უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად უნდა შექმნას მრავალმხრივი ნდობის მქონე 12-15 მოსამართლისგან შემდგარი ერთი სასამართლო. ეს სასამართლო იქნება უმაღლესი საკასაციო ინსტანციაც და კონსტიტუციური კონტროლის ორგანოც. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მხარს დავუჭერდი ასეთ მოდელს, მაგრამ, ვაღიარებ, სხვა გზას ვეღარ ვხედავ…”-წერს უსუფაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა დღეს დაიწყო.

დღის წესრიგის მიხედვით, თავდაპირველად კომიტეტზე იმსჯელებენ მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების საკითხზე, შემდეგ კი, კომიტეტის საჯარო სხდომაზე კანდიდატების მოსმენის პროცედურა თავმჯდომარის მიერ კომიტეტთან შეთანხმებით განისაზღვრება.

იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებიდან თავდაპირველად მოსამართლეებს თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად