უსუფაშვილი: ხელისუფლებისგან გვესმის პიარკამპანია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის თაობაზე

“შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით, ხელისუფლება პიარკამპანიაშია ჩართული, როდესაც ისინი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის თაობაზე საუბრობენ.

როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ვერ ხედავს, რომ მომიტინგეების მხრიდან ნამდვილად იყო კანონდარღვევა, ხელისუფლებას კი არ უნდა დაინახოს, რომ კანონდარღვევა იყო ასევე პოლიციის მხრიდან.

“თითქმის 1 თვე გავიდა და მთავარ კითხვებზე პასუხი გაცემული არ არის, გარდა იმისა, რომ გვესმის პიარკამპანია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის თაობაზე, ისე, რომ სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებზე ვერავინ ვერაფერს საუბრობს.

პარლამენტის წინ, აქციის გარკვეულ ეტაპზე იყო კანონის ცალსახა დარღვევა – კორდონის გარღვევის მცდელობა, პოლიციელების გატაცების ფაქტები. იმ წამსვე ვთქვი, რომ ეს უნდა შეწყდეს ან უნდა აღიკვეთოს კანონის ფარგლებში.

ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მოქალაქეების მხრიდან ჩადენილი კანონდარღვევის აღკვეთა კანონის ფარგლებში, თავად ჩაიდინა კანონდარღვევები და ახლა ამ ვითარებაში თითქმის 1 თვეა, მხოლოდ პიარკამპანიით არის დაკავებული“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...