უსუფაშვილი: აგვისტოს ომის განხილვით და ერთმანეთისთვის რაღაცის მტკიცებით სახელმწიფო ინტერესებს ვნებთ

აგვისტოს ომის ათასი პრიზმით განხილვით და ერთმანეთისთვის რაღაცის მტკიცებით და პერსონალური პარტიულ-პოლიტიკური ანგარიშსწორებით, ეროვნულ ინტერესებს ვნებთ, – ასე პასუხობს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი “აიპრესის” კითხვას – რამდენად თანმიმდევრულია რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლება და ის, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი გველაპარაკება ულტიმატუმის ენით, ეს იმის ბრალიც ხომ არაა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან გვესმოდა განცხადებები, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო?

“პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ მოსკოვიდან, ცხინვალიდან და სოხუმიდან სხვა ტიპის რიტორიკა არც არასოდეს ყოფილა. უბრალოდ, ზოგჯერ ვაქცევთ ჩვენ ამ ყველაფერს ყურადღებას და ზოგჯერ რატომღაც არ ვაქცევთ. ამიტომ, თავისთავად რიტორიკაში მნიშვნელოვან სხვაობას ვერ ვხედავ.

სხვა თემაა, ჩვენ რამდენად ვართ მზად თუნდაც რიტორიკის დონეზე ჩვენი სათქმელი ასევე მტკიცედ და მკაფიოდ ვთქვათ. აი აქ არის სერიოზული პრობლემა, როდესაც საქართველო როგორც სახელმწიფო არის ძალიან სუსტად წარმოჩენილი საერთაშორისო ასპარეზზე – მტერთანაც და მოყვარესთანაც. იმიტომ, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხზე არ არის შეთანხმება.

პრობლემა იმაშია, რომ შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე დაპირისპირება სამწუხაროდ გადაგვაქვს გარე სამყაროსთან ურთიერთობაში. ანუ შიდა გასარჩევი საკითხები და ერთმანეთთან პრეტენზიები იმდენად გაგვიტაცებს ხოლმე, რომ ვეღარ ვიაზრებთ, რომ ამით ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს ვნებთ. მაგალითად, აგვისტოს ომის ათასი პრიზმით განხილვა და მცდელობა იმის, რომ ერთმა მეორეს ეს დაუმტკიცოს და მეორემ პირველს ეს და როდესაც პერსონალური პარტიულ-პოლიტიკური ანგარიშსწორების გარდა ვერაფერს ვეღარ ხედავ ამ კაკაფონიაში, ამითი რა თქმა უნდა სარგებლობს და ისარგებლებს რუსეთიც და მისი სატელიტი რეჟიმებიც ცხინვალსა და სოხუმში. ეს არის წარმოუდგენლად სამარცხვინო მოვლენა რაც ხდება 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ საკუთარი პოზიცია არ უნდა დავასუსტოთ და ჩვენ სახელმწიფო პოზიციებს ვასუსტებთ იმ თემების ტრიალით, თუნდაც არგუმენტების მიახლოებული მოვლენებით, რაც აიარაღებს სხვა ქვეყანას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, დე ფაქტო ცხინვალმა თბილისს ულტიმატუმი წაუყენა – დილის 06:00 საათამდე მოხსნას საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან.

ცნობისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ერგენეთში ჩაშლილ შეხვედრაზე განცხადება გაავრცელა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ჟურნალისტებს, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა ჩაიშალა განუცხადა, რომ  ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად