“უფროს მოწინააღმდეგეებთან გამოცდილების მისაღებად ვთამაშობ” – ინტერვიუ 13 წლის ფოთელი მოჭადრაკესთან

ფოთელი 13 წლის მოჭადრაკე ელენე წოწონავა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე გოგონათა შორის, სენსაციური შედეგით დაასრულა, „აიპრესთან“ ჰყვება, როგორ გახდა მოჭადრაკე და რა შეცვალა სპორტის ამ სახეობამ მის ცხოვებაში.

ელენე ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის მე-9 კლასის წარჩინებული მოსწავლეა. ის მშობლებმა ფოთის საჭადრაკო კლუბში 6 წლის ასაკიდან შეიყვანეს. მისი ტიტულების არასრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: საქართველოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი სხვადასხვა ასაკებში; მსოფლიოსა და ევროპის სასკოლო ჩემპიონატის პრიზიორი; ეროვნული ოსტატი და ბოლოს მიღწეული წარმატება_ საქართველოს ჩემპიონი 20 წლის გოგონათა შორის. ელენე ამჯერად, 20 წლამდე გოგონათა შორის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ინდოეთის ქალაქ ნიუ დელიში, 14-26 ოქტომბერს ჩატარდება.მანამდე კი რამდენიმე საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

როგორი შეგრძნებაა, როდესაც შენზე საკმაოდ დიდი ასაკის მოჭადრაკეებს ამარცხებ?

როდესაც ჩემზე უფროს მოწინააღმდეგეებს ვხვდები, შედარებით თავისუფლად ვგრძნობ თავს, რადგან გამოცდილების მისაღებად ვთამაშობ, ისინი კი დაძაბულები არიან, ამდენად ფსიქოლოგიური უპირატესობა პატარებს გვაქვს. ამ ტურნირზე გამიმართლა, 9-დან 6 ნახევარი ქულით, პირველი ადგილი დავიკავე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი მწვრთნელების, დავით კოდუას და გოჩა ჩაჩუას დახმარებით მოხდა. ვეცდები იმედები არ გავუცრუო მათ და უფრო მაღალ ეტაპზე ავიდე.

რამდენად მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება შენთვის?

რა თქმა უნდა არ ველოდი, ბოლო ტურში მცირედი შანსი იყო პირველ ადგილზე გასვლის, რომ გავიმარჯვე მართლაც ძალიან გასაკვირი და სასხარულო იყო.

გაიხსენე შენი პირველი გამარჯვება, რამდენი წლის იყავი?

6 წლის ვიყავი, შოთა ინწკირველის მემორიალზე ვთამაშობდი და მესამე ადგილი დავიკავე. ხოლო, პირველ მასშტაბურ წარმატებას 2017 წელს, მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე მივაღწიე, მეხუთე ადგილი დავიკავე. თავიდან სულ მეოთხე, მეხუთე ადგილებზე გავდიოდი, თუმცა უკვე გადავლახე ეს ეტაპი და საქართველოს ჩემპიონი გავხდი.

ამ წარმატების შემდგ მუდმივად ტელევიზიისა და მასმედიის ყურადღების ცენტრში ხარ, მოულოდნელმა პოპულარობამ რა შეცვალა შენს ცხოვრებაში?

ამ ფაქტმა სტიმული მომცა, უფრო მეტად ვიშრომო და უფრო მეტად მოვინდომო და კიდევ ერთხელ დავამტკიცო, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა.

როგორ გახდი მოჭადრაკე, ვინ აღმოაჩინა, რომ დიდი მომავალი გელოდებოდა?

სკოლაში გვასწავლიდნენ ჭადრაკს და დამაინტერესა სპორტის ამ სახეობამ. შემდეგ მშობლებმა ჭადრაკის კლუბში შემიყვანეს. მწვრთნელმა დავით კოდუამ დაინახა ჩემი შესაძლებლობები და მიბიძგა ჭადრაკის გაგრძელებისკენ.

ჭადრაკი გონებრივ ენერგიას მოითხოვს და ემოციურად ძალიან დამღლელია, ხომ არ ნანობ, რომ ეს გზა აირჩიე?
ჭადრაკი მართლაც მძიმე სპორტია. თან ძალიან ემოციური ვარ. ზოგჯერ ვფიქრობ თავი ხომ არ დავანებო ამ ყველაფერს, მაგრამ როდესაც პარტიებს ვიგებ და ლამაზი თამაში გამომდის, ამ შეგრძნებას არაფერი შეედრება. მაინც უფრო მგონია, რომ წაგების შიში, ბარიერია, რომელიც უნდა გადავლახო.

გაიხსენე თამაში, რომელიც ყველაზე დიდხანს გაგრძელდა

ჩემი ყველაზე დიდი პარტია ევროპის ჩემპიონატზე, უცხოელ მეტოქესთან 6 საათი გაგრძელდა. ყაიმით დავასრულე, თუმცა რა თქმა უნდა, იყო მოგების შანსიც და თუ ჩავუღრმავდებოდი, ძალიან ლამაზი პარტია გამოვიდოდა, მაგრამ გადავიღალე.

როგორია ტურნირის წინა პერიოდი, წარმატების მისაღწევად რაიმე განსაკუთრებული მეთოდი ხომ არ გაქვს შემუშავებული?

ტურნირის წინა პერიოდში განსაკუთრებულად მობილიზებული უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არ იქნება სასურველი. მამაჩემთან ერთად გავდივარ ფიზიკურ ვარჯშებს, ასევე ვცდილობ, რაც შეიძლება ჯანსაღი საკვები მივიღო, მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ ტურნირის წინა პერიოდში ხდება და ვცდილობ ჩემი თავი ამ რეჟიმს მუდმივად შევაჩვიო.

როგორ უთავსებ ერთმანეთს სკოლას და ჭადრაკს, სწავლისთვის გრჩება საკმარისი დრო?

ძალიან რთული შეთავსებადია ეს ყველაფერი, თან სკოლაშიც კარგად ვსწავლობ. არ მინდა სკოლა გვდერდზე გადავდო და ჭადრაკი გავაგრძელო, თუმცა არც ის მინდა ჭადრაკი მეორე ხარისხოვანი გახდეს. იმდენად მიყვარს ეს სპორტი, ზოგჯერ ვფიქრობ, ჭადრაკი ჩემი მოწოდებაა. რომ არა სკოლაში მასწავლებლების ხელშეწყობა, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა „ოქროს შუალედის“ პოვნა.

გარდა ჭადრაკისა, რა არის შენი ინტერესის სფერო?

ჭადრაკის გარდა მიზიდავს მედიცინის სფერო, ასევე ვადევნებ თვალს მეცნიერების ახალ აღმოჩენებს, აი მაგალითად სულ ახლახან შავი ხვრელის პირველი სურათი ატვირთეს. ასევე მიყვარს წიგნების კითხვა. სკოლაში „ყველაზე წიგნიერის“ კონკურსში, ჩვენი გუნდი ტურის მეორე ეტაპზე გავიდა და შეჯიბრება თვის ბოლოს გაიმრთება.

რას ურჩევ თანატოლებს, რატომ უნდა დაეუფლონ სპორტის ამ სახეობას?

ჭადრაკი, როგორც ინტელექტუალური სპორტის სახეობა გონებას ანვითარებს. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან შემიწყო ხელი სწავლაში. სანამ ჭადრაკზე დავიწყებდი სიარულს მათემატიკაში ჩამორჩენილი ვიყავი, მაგრამ მალევე ყველაფერი გამოსწორდა. ახლა წარმატებული მოსწავლე ვარ.

ავტორი: ანა ჯახაია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...