უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსები დასრულდა

საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო მხარდაჭერის სკოლის საარტილერიო და კავშირგაბმულობის უმცროს ოფიცერთა სპეციალიზაციის კურსები დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიალი წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ გაიმართა. სამხედროებმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.

უმცროს ოფიცრებს სიტყვით წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიმართა და კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა. მან ყურადღება ამოცანაზე ორიენტრებულ სწავლებებსა და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

სამხედროებს კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, ასევე J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზურაბ მგელაძემ გადასცეს.

არტილერიისა და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციის კურსები 18 ლეიტენანტმა დაასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებმა სპეციალობის საგნები ექვსი თვის განმავლობაში გაიარეს. საარტილერიო კურსის მსმენელებმა სროლა და ცეცხლის მართვის პროცედურები, ბატარეის ტაქტიკა, საარტილერიო შეიარაღება, საარტილერიო ცეცხლის მომსახურება შეისწავლეს.

კავშირგაბმულობის სპეციალობით უმცროსმა ოფიცრებმა შემდეგი საკითხები – ელექტრობა და კომპიუტერული ქსელები, კავშირგაბმულობის თეორია, მოკლეტალღოვანი, ულტრამოკლეტალღოვანი და დეციმეტრული რადიოსადგურები, კავშირგაბმულობის ტაქტიკა განიხილეს. სასწავლო კურსებს ქართველი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

სპეციალიზაციის კურსების გავლის შემდეგ, უმცროსი ოფიცრები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გააგრძელებენ მუშაობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად