უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ (ფოტორეპორტაჟი)

8 იანვარს, დილით Boeing-737, რომელსაც რეისი თეირანი-კიევი უნდა შეესრულებინა, თეირანში იმამ ხომეინის სახელობის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულთა შორის – უკრაინის 11 მოქალაქე (მათ შორის ეკიპაჟის 9 წევრი), ირანის 82 მოქალაქე, 63- კანადელი, 10 – შვედი, 4 – ავღანელი, 3 – გერმანელი და 3 ბრიტანელია.

უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულთა შორის ბავშვები და არასრულწლოვნებიც არიან.

როგორც ირანული მედია აღნიშნავს, წინასწარი ვერსიით, Boeing 737-800- ის ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი  ტექნიკური პრობლემების გამო ძრავაში გაჩენილი ხანძარია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომ 9 იანვარი თეირანში (ირანი) ავიაკომპანია “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით გლოვის დღედ გამოცხადდეს.

განკარგულება გულისხმობს, რომ 9 იანვარს მთელს უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების, სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციების შენობებსა და სტრუქტურებზე გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშები დაეშვება. გარდა ამისა, გაუქმდება გასართობი და საკონცერტო ღონისძიებები, შესაბამისი ცვლილებები სატელევიზიო და რადიო პროგრამებში შევა.

ფოტო: Reuters კიევში, ირანის საელჩოს შენობასთან მოქალაქეებმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები მიიტანეს.

ფოტო: Zuma/ТАСС ტორონტოში ირანული საზოგადოების წევრები ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.

ფოტო: სერგეი ვედიაშკინი/АГН “Москва” კიევის “ბორისპოლის” სახელობის აეროპორტი.

ფოტო: AP/ТАСС -იმპროვიზირებული მემორიალი კანადაში

ფოტო:  Zuma/ТАСС კიევში, კანადის საელჩოს შენობასთან დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

ფოტო: Reuters  უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მათი ფოტოები ყვავილებით შეამკო და ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა.   

მოამზადა თაკო ჩხაიძემ

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...