უკრაინული „ფორბსის” თქმით, თიბისი ბანკი უკრაინაში ბერძნული ბანკის შვილობილი „PIRAEUS BANK ICB” ყიდვას გეგმავს

უკრაინული პრესა პირეუსის ბანკით თიბისი ბანკის დაინტერესების შესახებ წერს

უკრაინული „ფორბსის” ცნობით, უკრაინის მიმართ თიბისის ინტერესი უკრაინის ფინანსური ბაზრის ოთხმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წარმომადგენელმა დაადასტურა. მათგან ორმა თქვა, რომ თიბისის ინტერესის საგანი არის „პირეუსის ბანკი”.

„ფორბსის” თქმით, ერთ-ერთი სახელმწიფო ფინანსური სტრუქტურის ტოპ-მენეჯერმა აღნიშნა, რომ „ისინი საკმაოდ დიდი ხანია იყურებიან უკრაინისკენ, რამდენიმე ბანკის ფასი იკითხეს”

ბანკის მენეჯმენტის ანონიმმა სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ბანკში ნამდვილად მიდის „სასწრაფო due diligence” (ბიზნესის ყოველმხრივი შეფასების პროცესი პოტენციური მყიდველის მიერ – „აიპრესი”), ოფიციალურად კი, პრესსამსახურმა „ჭორების კომენტირებაზე” უარი განაცხადა, – წერს „ფორბსი”.

„ფორბსი” აღნიშნავს, რომ ბანკის კაპიტალი 1 ოქტომბრის მდგომარეობით 671 მილიონი გრივნა იყო (~25 მლნ დოლარი), ხოლო გასაყიდი ფასი, სპეციალისტების მიერ ნავარაუდები მაკორექტირებელი კოეფიციენტის (0,5-0,7) გათვალისწინებით, 12,5-17 მლნ დოლარის ფარგლებშია.

ინტერნეტში არსებული ინფორმაციის თანხმად, „პირეუსის ბანკის” რეგიონალური ქსელი მოიცავს კიევის, ლვოვის, ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის (მარიუპოლი) ჩერკასის ოლქებს და უკრაინის საპენსიო ფონდის მიერ ბანკს პენსიების და ფულადი დახმარებების გაცემის უფლებამოსილება აქვს მინიჭებული.

„ფორბსი” აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკის აქციები კოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. გასულ წელს იგი შვილობილი „თიბისი კრედიტის” და აზერბაიჯანული Yelo Bank-ის შერწყმას ცდილობდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა და თიბისი ბანკმა თავისი ძალისხმევა უზბეკეთისკენ მიმართა, სადაც მანამდე უკვე ფუნქციონირებდა მისი შვილობილი კომპანია Payme. თიბისის უზბეკეთში განხორციელებული აქვს 22 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია.

„ფორბსის” მკითხველს აუწყებს, რომ თიბისი ბანკის 3% და მეტის მფლობელი აქციონერები არიან: მამუკა ხაზარაძე (8,64%) ბადრი ჯაფარიძე (6%), ევროპის რეკოსტრუქციის და განვითარების ბანკი (5,05%), Dunross&Co (7,42%), JPMorgan Asset Management (4,56%), Allan Gray Investment Management (4,26%), Creation Investments Capital Management (3,22%), Schroder Investment Management (3,12%), BlackRock (3,02%).

კომენტარები
იტვირთება...