უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ”ნორმანიულ ფორმატში” შეხვედრა, შესაძლოა ოქტომბრის ბოლოს შედგეს

“ნორმანდიული ოთხეულის” ფორმატში სამიტი (რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა) შესაძლოა, ოქტომბრის ბოლოს ჩატარდეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო UNN-ი ავრცელებს.

”ვიმედოვნებთ, რომ “ნორმანდიულ ფორმატში” შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს  გაიმართება,” – განაცხადა მინისტრმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ამ დროისთვის უკრაინის სამშვიდობო ფორმულა უნდა შემუშავდეს, რომელიც დემილიტარიზაციას, ასევე უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის თანაშემწეები “ნორმანდიული ოთხეულის” სამიტს ამზადებენ, მაგრამ დრო ჯერჯერობით უცნობია.

2 ოქტომბერს, უკრაინის საკითხზე შექმნილმა საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებმა “შტაინმაერის ფორმულის” შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. 

”შტაინმაიერის ფორმულის” შესახებ ინიციატივა 2016 წლის დასაწყისში გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და გერმანიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა წამოაყენა. იგი დონბასისთვის სპეციალური სტატუსის უზრუნველყოფის მექანიზმს განსაზღვრავს, ასევე შესაძლო ამნისტიას და არჩევნების ჩატარებას არაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე, რომლებიც კიევის მიერ არ კონტროლდება.

ფორმულის თანახმად, არჩევნების დღეს, დროებით, ძალაში შევა კანონი მათი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. ხოლო ეუთო-ს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობას ადასტურებს, კანონი ძალაში  მუდმივად შევა.

დოკუმენტი არაერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა. მაგალითად, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ  “შტაინმაიერის ფორმულაზე” ხელმოწერას რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი სპიკერი ანდრეი პარუბი კი მიიჩნევს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა უკრაინის დემონტაჟის დაწყებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად