უკრაინის პრემიერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინის პრემიერმინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და წერილი უკვე გადასცა ქვეყნის ხელისუფალს. ამის შესახებ გონჩარუკი თავის Facebook გვერდზე წერს.

გონჩარუკის თქმით, მან ეს ნაბიჯი გადადგა, რათა „გაიფანტოს ნებისმიერი სახის ეჭვი ჩვენს პრეზიდენტთან მიმართებით.“

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვლადიმირ ზელენსკიმ უკვე მიიღო თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება და განიხილავს მას.

უკრაინის პრემიერმინისტრის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მოჰყვა ინტერნეტში აუდიოჩანაწერის გავრცელებას, რომელიც სავარაუდოდ 2019 წლის დეკემბრის დახურულ შეხვედრაზე გაკეთდა. მასზე ადამიანები, რომელთა ხმაც ჰგავს უკრაინის პრემიერმინისტრის, უკრაინის ეროვნული ბანკის ხელძღვანელის მოადგილის და უკრაინის ფინანსთა მინისტრის ხმებს, განიხილავენ, თუ როგორ დააჯერონ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, რომ გრივნას გამყარება – ეს პოზიტიური ფაქტორია.

ადამიანი კი, რომლის ხმაც ჰგავს პრემიერის ხმას, აღნიშნავს, რომ ზელენსკის ეკონომიკური პროცესების გააზრების ძალიან პრიმიტიული უნარი აქვს.

„მანამ, სანამ პრეზიდენტს თავში პასუხი არ ექნება ამ შეკითხვაზე, მანამდე მას იქ ცარიელი ადგილი ექნება“, – ამბობს ეს ადამიანი, რომლის ხმასაც უკრაინის პრემიერის ხმას ამსგავსებენ.

მას მერე, რაც აღნიშნული ჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა, ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ „ერის მსახური“, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, რომ გაარკვიოს, საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერი და ნამდვილია იგი თუ დამონტაჟებული.

ალექსეი გონჩარუკი უკრაინის პრემიერმინისტრად 2019 წლსი აგვისტოს ბოლოს დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად