უკრაინაში, ქუვეითის სახელმწიფოსა და ვატიკანში, საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ შარაშენიძე, ქუვეითში – კონსტანტინე ჟღენტი, ხოლო ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე 1996 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში. 2011-2018 წლებში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, მანამდე 2004-2008 წლებში – ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკასა და ბულგარეთში საქართველოს გენერალური კონსულად.

თეიმურაზ შარაშენიძე ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარია. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ჟღენტი 2013-2018 წლებში უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა. საგარეო უწყებაში მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში კონსტანტინე ჟღენტი სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს იგი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის, ასევე ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, 2004-2005 წლებში კი ეკავა ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა. 1997-2000 წლებში იყო იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ხოლო 2006-2008 წლებში – ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. კონსტანტინე ჟღენტი 2018 წლიდან დღემდე არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.

ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, წმინდა საყდართან (ვატიკანში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი დაინიშნა. მას ვატიკანში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა 2004-2014 წლებშიც. 2009 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი, ამავე წელს დააჯილდოვეს ანჰალტების საგვარეულოს „ალბრეხტის დათვის“ დიდი ჯვრით. ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი ასევე დაჯილდოებულია ანტონ I ბაგრატიონის სახელობის ოქროს მედლით, მალტის სუვერენული სამხედრო ორდენისა და წმინდა საყდრის პიუს IX ორდენის დიდი ჯვრებით. 1995 წელს, ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა. ქეთევან ბანგრატიონ-მუხრანბატონი 1991-2004 წლებში იყო იტალიურ-ქართული ასოციაციას „წმინდა გიორგის ფარი“- ს (ქ.რომი,იტალია) პრეზიდენტი. იგი ასევე ხელმძღვანელობდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „მონიკ“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...