უკრაინაში ევრომაიდნის სისხლისღვრის მეშვიდე წლისთავი აღნიშნეს

უკრაინაში აღნიშნეს მეშვიდე წლისთავი იმ დღეებიდან, როცა ცეცხლი გაუხსნეს და დახოცეს ევრომაიდანზე მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები. ამ დემონსტრაციებით 2014 წელს დაემხო პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება.

წლევანდელი აქციებით პატივი მიაგეს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2014 წლის 18-20 თებერვალს ემსხვერპლნენ შეტაკებებს იანუკოვიჩის უსაფრთხოების ძალებთან. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა ცოლმა, ოლენამ, 20 თებერვალს ყვავილებით შეამკეს კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე მდგომი მემორიალი. აქციები ქვეყნის ბევრ ადგილას გაიმართა.

ევრომაიდნის მოძრაობა 2013 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა დემონსტრანტებმა თავი მოიყარეს კიევის ცენტრალურ მოედანზე და გააპროტესტეს იანუკოვიჩის გადაწყვეტილება, ხელი არ მოეწერა მნიშვნელოვან სავაჭრო ხელშეკრულებაზე ევროკავშირთან. ამის ნაცვლად, იანუკოვიჩი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას რუსეთთან ცდილობდა. უკრაინელი პროკურორების განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობრივი ზეწოლის შედეგად დაიღუპა 104 ადამიანი, დაშავდა 2,500 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...