უკრაინას ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავის ”შავ ყუთზე” წვდომა ექნება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, კანადიდან, უკრაინიდან და ირანიდან ექსპერტთა ჯგუფს ირანში ჩამოვარდნილი უკრაინული თვიმფრინავის “შავ ყუთზე” წვდომა აქვს, რომელსაც კიევს გადასცემენ,-ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

“შემოთავაზებულია შემდეგი მოქმედებების ალგორითმი. ირანელი, კანადელი ექსპერტთა ჯგუფი და ჩვენც მას ვუერთდებით – “შავ ყუთებს” ადგილზე მიიღებს. ამის შემდეგ, ირანული მხარე მზად არის, უკრაინას “შავი ყუთები” ცალკე გადასცეს. პრინციპში, ეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათი დაუყოვნებლივი გადმოცემა მოვითხოვეთ. მათ უნდა უზრუნველყონ გამოძიების დამოუკიდებლობა და ობიექტურობა”,-განაცხადა პრისტაიკომ უკრაინის რადაში კითხვაზე საპასუხოდ, იმოქმედებს თუ არა ირანის მიერ “შავი ყუთების” გადაცემაზე შესაძლო უარის თქმა გამოძიების მიმდინარეობაზე.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, კიევმა რამდენჯერმე მიმართა კანადის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ირანის კომპეტენტურ ორგანოებს, რომ ამ ქვეყნების წარმომადგენლები ირანში “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” თვითმფრინავის ავიაკაკასტროფის თაობაზე გამოძიებაში ჩაერთონ.

პარალელურად, იმ ქვეყნების მთავრობები, რომელთა მოქალაქეები ირანში უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ, მოითხოვენ, თეირანმა სრულად აღიაროს საკუთარი დანაშაული და ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს.

8 იანვარს, ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თეირანის აეროპორტში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი Boeing 737-800 შეცდომით ჩამოაგდეს. თვითმფრინავი მარშრუტს თეირანი – კიევის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა – უკრაინის 11 მოქალაქე (მათ შორის, ეკიპაჟის 9 წევრი), ირანის 82 მოქალაქე, კანადის-63, შვედეთის-10, ავღანეთის- 4-, 3 – 3 გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის. ყველა მათგანი დაიღუპა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად