უხუცესი რუსი უფლებადამცველი ლუდმილა ალექსეევა გარდაიცვალა

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ბიბისის რუსული ბიურო ავრცელებს.

ლუდმილა ალექსეევა 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ის ხშირად ავადმყოფობდა ბოლო პერიოდში და სისიტემატურად უხდებოდა საავადმყოფოში ყოფნა. მისი გადარჩენა ექიმებმა რამდენჯერმე მოახერხეს.

ლუდმილა ალექსეევამ თავისი დისიდენტური მოღვაწეობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო, რის გამოც ის 1977 წელს იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო აშშ-ში. უკან, 1993 წელს დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო ჰელსინკის ჯგუფის საქმიანობაში.

ლუდმილა ალექსეევა განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებული განცხადებებით.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელ ლუდმილა ალექსეევას ეჭვი ეპარებოდა, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის შემკვეთებს იპოვნიდნენ.მისი აზრით, მკვლელები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებთან დაახლოებული პირები.

რუსეთის უხუცესი უფლებადამცველიუარყოფდა მკვლელობაში „ისლამური“ ან „ჩეჩნური“ კვალის არსებობის ვერსიებს. „პრინციპულად მნიშვნელოვანია შემკვეთის გამოვლენა. რამდენი ჩეჩენიც უნდა დააკაონ, მე დაველოდები შემკვეთის დასახელებას, თუმცა, მეეჭვება რომ ამას მოვესწრო. ისევე, როგორც პოლიტკოვსკაიას, აგრეთვე სტაროვოიტოვას შემთხვევაში – მკვლელობის შემკვეთებს არ დაასახელებენ“, – აცხადებდა ლუდმილა ალექსეევა.

კომენტარები
იტვირთება...