უხუცესი: ქალის სისხლის საფასური გავზარდეთ და 850 ლარია, შეიძლება 1200 ლარშიც მერყეობდეს

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი, „აიპრესთან“ ინტერვიუში ქისტების ადათ-წესებზე, ახლანდელ და მივიწყებულ ტრადიციებზე, საბჭოს გადაწყვეტილებებზე საუბრობს.

მისი თქმით, ადათ-წესების შეცვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე გადაწყვეტილება 2017 წლის ოქტომბერში, ყრილობაზე მიიღეს.

ხასო ხანგოშვილი: ტრადიციები, რაც ასე ვთქვათ, ქისტურ ეთნოსს აყალიბებს: სტუმართმოყვარეობა, ნათესაობა, ღირსების გრძნობა, მოსისხლეობა, დაკრძალვა, დაქორწინება, განქორწინება, ეს ტრადიციები ფაქტიურად შენარჩუნებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, თანდათანობით იცვლება, დროისა და ეპოქის მიხედვით. ჩვენ რეფორმებს ვატარებდით, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ტრადიციები თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოსულიყო, მაგრამ ბევრი ტრადიცია უარყოფილი იქნა, მაგალითად: მოსისხლეობაში, როდესაც შურისძიების დროს შეეძლოთ რომელიც გნებავს იმ ოჯახში საუკეთესო მოეკლათ, ჩვენ ეს აღვკვეთეთ. მხოლოდ და მხოლოდ, ვინც მკვლელი და დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს. შეიცვალა ქორწინების საკითხში, მაგალითად: ადრე ქალის გათხოვება შეეძლო მშობელს, ბიძაშვილს, გარე ბიძაშვილსაც კი. მათაც შეეძლოთ ნიშნნობიდან საჩუქარი აეღოთ. ეს ტრადიციაც უარყოფილი იქნა. ახლა ქალიშვილი და დედ-მამა, ეს სამნი განაგებენ ქალის ბედს. თუ ქალი არ არის თანახმა, თავისთავად, გათხოვება გამორიცხულია. წელსაც, მაგალითად, ოქტომბერში, საერთო ყრილობა ჩატარდა და წელსაც ძალიან ბევრი ცვლილება შევიტანეთ ამ ადათ-წესებში. კონკრეტულად, ქალის სისხლის საფასური გათანაბრდა მამაკაცთან. შემდეგ ურბეთი ქალები ძალიან ჩიოდნენ, რომ 520 ლარია გადასახდელი და ამ ფულით ჩვენ ძალიან იაფად შეგვაფასეთო. ეს ჩვეულებრივი მიზერული თანხა იყო, იმიტომ რომ ეკონომიურმა მდგომარეობამ მოიტანა ასე. ახლა გავზარდეთ და 850 ლარია. შეიძლება სადღაც 1200 ლარშიც მერყეობდეს. ამავე დროს, თუ ქალი უცხოელზე თხოვდება, აქ უკვე დაწესებულია 3000 დოლარი და ამავე დროს, ხელშეკრულება უნდა დაიდოს ქალის უმიზეზოდ მიტოვების შემთხვევაში. აქ გასათვალისწინებელია ქონებრივი სიტუაცია და ა.შ. ძალიან ბევრი ცვლილება შევიტანეთ, რაც დღეს საჭიროა.

ინტერვიუ იხილეთ სრულად

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად