უგულავა: “შავი სია” კი არა “20 ივნისის სიაა”, სტრატეგიული შეცდომა არ დაგვიშვია, რადგან ახლა მუშავდება

“შავ სიას” ნუ დავუძახებთ. ეს არის “20 ივნისის სია”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ დაუშვეს სტრატეგიული შეცდომა, თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის ახსნა-განმარტებების გაკეთება დასჭირდათ? – რაზეც უგულავა პასუხობს, რომ საზოგადოებასთან საუბარია საჭირო.

“ეს არ ყოფილა ოპოზიციის სტრატეგიული შეცდომა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ დამუშავების პროცესშია. თუ ხელისუფლების პროპაგანდას უძლეველობის სტატუსს მივანიჭებთ, მათ შორის ჟურნალისტები, მაშინ ბუნებრივია არაფერი არ გამოვა.

რაც შეეხება “შავ სიას”, არავითარ “შავ სიას” ოპოზიცია არ აკეთებს. ჩვენ ვაკეთებთ იმ მოძალადე სუბიექტების სიას, შემსრულებლებზე მაქვს საუბარი. ეს არ არის გულის მოფხანვის სია, ამიტომ, როცა მეკითხებიან რატომ არ არის იქ ბიძინა ივანიშვილი… მას რამდენიც გინდა აგინე ეთერში, მაგრამ სიაში რომ შეიყვან, არარეალისტური არ უნდა გახადო. ეს სია თუ ინსტრუმენტი გვინდა, რომ იყოს და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ავნოს და ატკინოს, მაშინ უნდა იყოს შეყვანილი მაგალითად რომელიმე მოსამართლე, კონკრეტული “ტიტუშკა”, ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებნ უკანონო და უზნეო დავალებებს. მაგალითად, მაგნიტსკის სიაში რატომ არ არის პუტინი? ეს ადამიანი პუტინის დავალებით მოკვდა, მაგრამ პუტინი იქ იმიტომ არ არის, რომ პოლიტიკური ფიგურის სიაში შეყვანა ბოლო წერტილია”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად