უგულავა: რკინის ღობეებით უწევთ სკამების გადანაწილება, ამ დღეშია “ქართული ოცნება”

“ეს პარლამენტი ღირსია, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს მთელი სამთავრობო კვარტალი”. – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ დღეს პოლიციამ გააკეთა ხალხის გასაკეთებელი საქმე და მოაწყო პარლამენტის რკინის ჯებირებით პიკეტირება.

„გუშინ მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ მატყუარა არსებამ, ივანიშვილი მყავს მხედველობაში, აღიარა, რომ ის ვითომ ამბოხი სინამდვილეში არანაირი ამბოხი არ ყოფილა და წინასწარ განსაზღვრული მზაკვრობა იყო. მან დაგეგმა და მანვე შეასრულა. გუშინ ის თავგამოდებით იცავდა მაჟორიტარულ სისტემას, აქებდა და დღეს სკამების განაწილებას აპირებენ, ზუსტად ის „მეამბოხე“ დეპუტატები, ამიტომ იმ მზაკვრობას და იმ იაფფასიან აფერისტობას რაც ივანიშვილმა დადგა, გუშინვე ფარდა აეხადა. ყოველივე ამის ფონზე ძალიან კარგია, რომ თვითონ პოლიცია აკეთებს იმ საქმეს, რაც უნდა გააკეთოს ხალხმა.

ეს პარლამენტი არის ღირსი, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს მთელი სამთავრობო კვარტალი, მეცამეტე რაიონივით არის გადაკეტილი, „გეტოდ“ აქციეს და შიგნით აპირებენ შევიდნენ. რკინის ღობეების ამარა დარჩენილმა მთავრობამ და პარლამენტმა დღეს უნდა გადაინაწილონ გამოთავისუფლებული ადგილები. რკინის ღობეებით უწევთ სკამების გადანაწილება, ამ დღეშია „ქართული ოცნება“. ბუნებრივია, ჩვენი პროტესტი იყო არის და იქნება არა ძალადობრივი, არამედ მშვიდობიანი.

მოიტანა პოლიციამ რკინის ღობეები, დაალაგა, კი ბატონო. ეს ის საქმეა, რასაც ჩვენ ვაპირებდით გაგვეკეთებინა ცოცხალი ძალით. ერთი სადღაც უკანა ხვრელია დატოვებული “ოცნების” დეპუტატებისთვის და დავაკვირდებით აუცილებლად როგორ შეძვრებიან ეს დეპუტატები”, -განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ: დილიდან ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები რუსთაველის გამზირსა და ჩიტაძის ქუჩაზე შეიკრიბნენ. მათ პარლამენტის შესასვლელების ჩაკეტვა სურდათ, თუმცა პიკეტირების საშუალება არ მიეცათ, რადგან პოლიციას საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები რკინის ჯებირებით თავად აქვს ჩაკეტილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად