უგულავა: ივანიშვილი არ არის მარტივი ფიგურა, მასთან ბრძოლა ადვილი არ არის

ამის შესახებ  პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ გადაცემა „ხალხის პოლიტიკა“-ში განაცხადა.

“შალვა შავგულიძე არის ადამიანი, რომელიც ერთი სიტყვით შეიძლება დაახასიათო. შალვა შავგულიძე უდრის სამართლის უზენაესობას, პრინციპულობას და თანამიმდევრულობას.

შალვა შავგულიძე არ შეცვლილა და როდესაც მოდიან ხოლმე და მეკითხებიან, არ გიქმნის უხერხულობას შალვა შავგულიძის გვერდით დგომა? უხერხულობას კი არა გულს მიძრავს ის პრობლემა რომელიც ჩვენ დაგვემართა, ძალიან მძიმეა და ტრაგედიაა. არა შალვა შავგულიძე, არამედ ის ტრაგედია მიქმნის უხერხულობას… შალვა შავგულიძე გულწრფელად ცდილობდა ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ის ჩემთვის არის დამზღვევი ადამიანი, რომ მე, გიგა ბოკერია იქნება, დათო ბაქრაძე იქნება, „ევროპული საქართველო“ იქნება, „თავისუფალი დემოკრატები“ იქნება, არ გადავიჩეხებით იმაში, რასაც აბსოლუტური ძალაუფლება ქვია. რასაც ძალაუფლებით ტკბობა ქვია.

ჩვენი პრობლემა ბიძინა ივანიშვილი(პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. რედ.)  კი არ იყო, ჩვენი პრობლემა საკუთარი თავი იყო 2010 წლის მერე, როდესაც არა რეფორმებისკენ, არა თავისუფლებისკენ გადავდგით ნაბიჯი, არამედ აბსოლუტიზმისკენ, უფრო მეტი ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ.

ხელისუფლება მაშინ ხდება რეჟიმი, როდესაც იწყებს მარტო საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას. ეს დაგვემართა ჩვენ და ამ სტადიაში უკვე შევიდა „ქართული ოცნება“.

ცვლილებების პერიოდი დამდგარია, მაქსიმუმ 8-10 წელია ის ვადა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება ამა თუ იმ პარტიის ლიდერს აძლევს. ეს ვადა იწურება. ეს არ იქნება მარტივი, იმიტომ რომ ივანიშვილი არ არის მარტივი ფიგურა. მას აქვს 5 მილიარდი, აქვს კონტაქტები, ლობისტები და ა.შ. მასთან ბრძოლა ადვილი არ არის.  ამიტომ, აუცილებელია კოორდინაცია ყველა იმ ძალასთან რომელსაც ესმის ეს გამოწვევა, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა და არის ბრძოლისთვის მზად. დღეს, ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო პლატფორმის მოძებნა, რაც არ ნიშნავს ერთმანეთში ღირებულების აზელვას“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...