უგულავა არჩევნებში მონაწილეობის დოკუმენტის არმიცემაზე: ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

შსს-ს მიერ გაცემული დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებლივი საფუძველი არა აქვს_ ეს განცხადება გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას სამართალთან არანაირი კავშირი არა აქვს.

“ამ დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებლივი საფუძველი არა აქვს. აქაც წერია, რომ დოკუმენტი, რომელსაც მე ვითხოვ, რომელიც კანონით არის საჭირო, ეფუძნება ორ რაღაცას, ანუ, ამ დოკუმენტს შსს ვერ გასცემს პირზე, თუ ამ პირის მიმართ არის დანაშაული დადასტურებული სასამართლოთი, რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობას და ნარკოტიკულ დანაშაულს. შეასაბამისად, არც ერთი და არც მეორე არ არის. საქმე, რომელზეც ბატონები საუბრობენ არის 126-ე მუხლი. მე რომ ძიუდოისტი ვცემე, ოღონდ ეს ძალაში არ არის შესული, შესაბამისად ეს ვერც იქნება, მაგრამ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ძალაში რომც იყოს შესული, ამ კატეგორიაში ეს არ შედის. 126-ე მუხლი არის მსუბუქი მუხლი და შესაბამისად ვერ იქნება ამის საფუძველი და ვერ იქნება დოკუმენტის არ გაცემის საფუძველი.

ამ დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამართალთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს. ეს როგორც მითხრეს არის შუალედური, სავარაუდოდ ხვალ რაღაც ასეთ წერილს მივიღებ, შინაარს მოგახსენებთ, ვნახოთ რა იქნება. ბუნებრივია, მე ამას გავასაჩივრებ საერთო სასამართლოებში და საერთოდ ამ ნორმას, რომელიც მიმაჩნია უფლების შემზღუდავ ნორმად, წავიღებ აუცილებლად ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში.

ვის თავშიც, ეს იდიოტიზმი და უკანონობა დაიბადა, იმის გასაგონად მინდა ვთქვა, დავრეგისტრირდები, თუ არ დავრეგისტრირდები რეფერენდუმი ფოთში აუცილებლად შედგება, “ქართული ოცნება” აუცილებლად დამარცხდება. აქ დავრჩები, ზუსტად ვიმუშავებ ისე, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, როგორც კანდიდატი ვიქნრებოდი და კიდევ უფრო გაათკეცებული ენერგიით შევუდგები იმ საქმეს, რასაც ჰქვია “ქართული ოცნების” მმართველობიდან ამოძირკვა, რაც 2 ოქტომბერს დაიწყება, როდესაც რეფერენდუმზე გაფორმდება “ქართული ოცნების” მარცხი”_ განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში მერობის კანდიდატს გიგი უგულავას, შსს-მ უარი უთხრა დოკუმენტის გაცემაზე, რომელიც უფლებამოსილს ხდის მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და აუცილებელია მერად რეგისტრაციისათვის.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს ფოთში, გიგი უგულავას მომსახურების სააგენტომ გადასცა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ უგულავას მიერ გამოთხოვილი ცნობის საკითხი განიხილება შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში და გადაწყვეტილების შედეგად ცნობილი გახდება, შეძლებს თუ არა იგი მერობის კანდიდატად დარეგისტრირებას

კომენტარები
იტვირთება...