უდუმაშვილი: ქვეყანაში მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს კლანის პარპაში მალე დასრულდება

“ზვიად კუპრავა არის გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი”,-ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი, ზაალ უდუმაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას ზვიად კუპრავას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ რასაც დღეს ვუყურებთ აი, ამ შენობაში, რომელსაც პირობითად ჰქვია სასამართლო, არა მხოლოდ დღევანდელ პროცესს ვგულისხმობ, ეს არის საქართველოს მოსახლეობის დაცინვა და აბუჩად აგდება.

ოთხი თვეა, უკვე ზვიად კუპრავა არის გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი. ოთხი თვე გრძელდება ეს პატიმრობა და გადაწყვეტილი აქვს სასამართლოს და გიორგი გახარიას, რომ ბოლომდე დასაჯონ ზვიად კუპრავა.

წინააღმდეგ შემთხვევაში იმ აბსურდული ბრალდებით, რომლისთვისაც ზვიადს დღეს ასამართლებენ, ის საერთოდ არც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლო დარბაზში, მაგრამ არა უშავს, ზვიადი მალე გათავისუფლდება და ასევე ძალიან მალე დასრულდება ამ ქვეყანაში მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს კლანის პარპაში და ძალიან მალე დასრულდება ასევე ივანიშვილის ხელისუფლება,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა პარლამენტის წევრების: რომან გოცირიძის, ნიკა მელიას, კობა ნაყოფიას და მამუკა ჩიქოვანის თავდებობის წერილი, რომლითაც თავდებში უდგებოდნენ “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას. სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...