უდუმაშვილი: “ნაცმოძრაობის” ლიდერებთან ვხუმრობ, ზედმეტი დემოკრატია მოგივიდათ-მეთქი

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ დღეს პარტიაში ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის უმნიშვნელოც 100-კაციანი პოლიტსაბჭოს ჩართულობით მიიღება.

როგორც მან "აიპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, დღეს პარტია ბევრად გახსნილია და გადაწყვეტილებების მიღება 2-3 ადამიანის მიერ არ ხდება.

ასეთი პასუხი გასცა მან ჩვენს კითხვას იმაზე, რომ როგორ დააჯერებენ ამომრჩეველს რომ პარტიის განახლება არა სიტყვებით და ფრაზებით მოხდა, არამედ ფაქტებით.

"ნაციონალური მოძრაობის" დაჯერებას შეიძლება დრო დასჭირდეს, იმისათვის რომ ამომრჩეველი მიხვდეს რასთან არის საქმე. მაგრამ, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" თვისობრივად განსხვავებული პარტიაა. მე 2-3 თვეა რაც მასთან ვთანამშრომლობ. მანამდე გადმოცემით ვიცოდი რაღაცები. მე გეტყვით, დღეს როგორ მიიღება გადაწყვეტილებები "ნაცმოძრაობაში". კიდეც ვხუმრობ ხოლმე მათთან რომ ზედმეტი დემოკრატია მოგივიდათ-მეთქი. პოლიტსაბჭო არის ძალიან ფართო შემადგენლობის – 100-კაციანი. ყველა გადაწყვეტილება ამდენი ადამიანის ჩართულობით მიიღება. მათ შორის უმნიშვნელო გადაწყვეტილებებიც, რომელსაც შესაძლოა ბევრი დისკუსია არ სჭირდებოდეს. დღეს პარტია ბევრად უფრო გახსნილია და ბევრად მეტი ადამიანია ჩართული. არ არის ისე, რომ 2 და 3 ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს", – განაცხადა უდუმაშვილმა. 

კითხვაზე, ადრე ასე არ იყო? – პასუხობს, რომ სავარაუდოდ ასე არ იყო.

ზაალ უდუმაშვილთან ინტერვიუს სრულ ვერსიას "აიპრესი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...